შალვა პაპუაშვილმა და გიორგი გაბუნიამ კულტურის კომიტეტთან არსებულ სამუშაო სივრცეში თემატური საინფორმაციო კუთხე გახსნეს. წარმოდგენილია ეროვნული მნიშვნელობის კულტურული ძეგლების შესახებ მომზადებული ბანერები და ეკლესიების მაკეტები. ასევე გამოფენილია ექსპოზიცია, რომელიც მოიცავს ქართველ პოეტებსა და მწერლებზე, კინოსა და თეატრის, ასევე სამხატვრო სფეროს მოღვაწეებზე შექმნილ საინფორმაციო მასალებს. გახსნას დეპუტატები ესწრებოდნენ.
„მაქვს პატივი, რომ ჩემს კოლეგებთან და ბატონ შალვა პაპუაშვილთან ერთად გაგვეხსნა კულტურის კომიტეტის სართულზე თემატური საინფორმაციო კუთხეები, სადაც წარმოდგენილი არის ძალიან დიდი გვარი და სახელები ჩვენი კულტურის სფეროს წარმომადგენლების. ჩვენ გვაქვს განცდა იმისა, როდესაც ამოვდივართ პარლამენტში კულტურის კომიტეტის სართულზე, რომ ამ დიდ გვარ-სახელებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შექმნეს ჩვენი უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა, ვხედავდეთ მათ სახელებს-გვარებს, მათ სახეებს, რაც ჩვენთვის ძალიან დიდი მოტივაცია და დიდი ენერგიაა იმისთვის, რომ ვიმსახუროთ მათ მიერ დატოვებულ საქმეს და მათ მიერ დატოვებულ უნიკალურ კულტურულ მემკვიდრეობას“, - აცხადებს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია.