15 აგვისტო 2026,   18:09
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს - ხელისუფლების წარმომადგენლები თვლიან, რომ ციხეში მისი დაბრუნება ლოგიკური და სწორი გადაწყვეტილებაა

სამედიცინო დაწესებულებიდან ციხეში გადაყვანილი მიხეილ სააკაშვილის პირველი სტუმარი მისი უფლებადამცველი იყო. პატიმრის პირველი წერილიც სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ადვოკატმა გამოიტანა. "ვივამედში" გატარებული 3 წლისა და 6 თვის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი ექიმებს მადლობას უხდის და ამავე წერილში ამტკიცებს, რომ ის ციხეში გაუფრთხილებლად გადაიყვანეს.

მსჯავრდებული სააკაშვილი ტყუილში "ვივამედის“ სამედიცინო დირექტორმა ამხილა. ზურაბ ჩხაიძის თქმით, პაციენტმა კარგად იცოდა, რომ მისი გაწერა და ისევ ციხეში გადაყვანა იგეგმებოდა. ექიმის განმარტებით, სააკაშვილის მოწამვლის ფაქტს მისი სიტყვების გარდა, არც ერთი სამედიცინო დოკუმენტი არ ადასტურებს.

ის ექიმები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს თითქმის 4 წელი მკურნალობდნენ, პაციენტის გაუმჯობესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მისი სამედიცინო დაწესებულებაში დატოვების საჭიროებას ვეღარ ხედავენ. ამის მიუხედავად, "ნაციონალურ მოძრაობაში" მაინც ფიქრობენ, რომ სააკაშვილს ექიმების მეთვალყურეობა სჭირდება.

თუ პატიმარს სამედიცინო დახმარება აღარ სჭირდება, მან სასჯელი ციხეში უნდა მოიხადოს - ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სააკაშვილის ეტაპირების გადაწყვეტილება ლოგიკური და სამართლიანი იყო, რადგან კანონის წინაშე ყველა მსჯავრდებული თანასწორია.

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დრამები და შოუები ბევრს ახსოვს მმართველ გუნდში, მათ შორის სპეკულაციები ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით - შიმშილობა, მოწამვლა თუ დემენციის დიაგნოზი. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ სააკაშვილის საბოლოო გამოჯანმრთელებას მისი ბოლო დროინდელი პოლიტიკური შემართებაც ადასტურებს.

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედში" 2022 წლის 12 მაისიდან მკურნალობდა. ის სამედიცინო დაწესებულებიდან ციხეში გუშინ, ექიმების რეკომენდაციით გადაიყვანეს.

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები