რა როლი აქვთ დიპლომატებს ეროვნული ინტერესების დაცვაში - ამაზე დღეს ბევრი ითქვა, დიპლომატის პროფესიულ დღეზე, ცერემონიების სასახლეში. ხელისუფლების პირველი პირები მიუთითებდნენ, რამდენად საპასუხისმგებლო საქმიანობაა, წარმოადგენდე საკუთარ ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე, განსაკუთრებით რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში.
ქართველი დიპლომატების პროფესიული დღის ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც, მათ შორის იყო ევროკავშირის ელჩი. პაველ ჰერჩინსკი ცერემონიების სასახლეში საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევით იმყოფებოდა.
დიპლომატებს, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რომ არაერთი რთული გამოწვევის გამკლავება უხდებათ, ეს დღეს მკაფიოდ, არაერთხელ აღინიშნა.
საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ყურადღებას ამახვილებდნენ გლობალური უსაფრთხოების ფონზე ქვეყნის პოზიციების დაცვის აუცილებლობასა და დიალოგის მნიშვნელობაზე.
სწორედ საგარეო საქმეთა მინისტრმა გადასცა საქართველოს პირველი რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, აკაკი ჩხენკელის სახელობის ჯილდო დიპლომატებს - მათი დამსახურებისა და პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის.
დიპლომატის დღე სიმბოლურად სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს უკავშირდება, თუმცა წელს ღონისძიება აკაკი ჩხენკელის ხსოვნას ეძღვნებოდა. სწორედ ამიტომ, დაჯილდოების ცერემონიის პარალელურად მისი მოღვაწეობის ამსახველი ვიდეოკლიპის პრეზენტაციაც გაიმართა.