გიორგი გახარიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას, მმართველ გუნდში ეხმაურებიან. საქმე ეხება 20 ივნისის საქმესა და ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდს. ხელისუფლების წარმომადგენლების შეფასებით, 20 ივნისის საქმის გამოძიება, სტრასბურგის სასამართლოს რეკომენდაციაა, რაც აუცილებელია გათვალისწინებული იქნეს.
"რა თქმა უნდა, ეს ღონისძიება ჩასატარებელი იყო, იქიდან გამომდინარე, რომ ეს იყო შტურმი პარლამენტზე. ჩვენ მაშინაც ამაზე ვსაუბრობდით და დღესაც ვადასტურებთ, ეს დაადასტურა სტრასბურგის სასამართლომაც. თუმცა, გარკვეულ მოქმედებებთან დაკავშირებით, არის კითხვის ნიშნები, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს ძალის არაპროპორციულად გამოყენებად. ამასთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლომ გასცა რეკომენდაციები, ჩვენ კი, რა თქმა უნდა, ვალდებულები ვართ ეს რეკომენდაციები გავითვალისწინოთ", - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი.
ცნობისთვის, პროკურატურამ გიორგი გახარიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. 20 ივნისის საქმე და ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდი - მას ბრალი წარედგინება აქციის მიმდინარეობისას, ორზე მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზების და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე. გამოძიების ინფორმაციით, გახარიამ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს ინსტრუქციისა და კანონმდებლობის უგულებელყოფით დაავალა სპეციალურ საშუალებათა ერთობლივად გამოყენება, გაფრთხილებისა და აქციის მშვიდობიანი მონაწილეებისათვის ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობის გარეშე. რაც შეეხება მეორე ეპიზოდს, პროკურატურის განცხადებით, მან ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ, რის შედეგადაც, საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი.