14 აგვისტო 2026,   07:21
ვრცლად
ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები და კითხვები, რომლებიც ევროპის საბჭოს დელეგაციამ შალვა პაპუაშვილს დაუსვა - თითქმის 2 საათის განმავლობაში ქართული მხარე ევროპელ სტუმრებს ყველა საკითხზე ამომწურავ ინფორმაციას აწვდიდა

პარლამენტის მიერ მიღებული კანონები, საქართველოს გეგმები ევროკავშირში გაწევრიანებაზე, საკონსტიტუციო სასამართლოში 3 ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი და 2024 წლის არჩევნები - ამ საკითხებს ეხებოდა კითხვები, რომლებიც ევროპის საბჭოს დელეგაციამ პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე დასვა. შალვა პაპუაშვილთან საუბარი დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა. თითქმის 2 საათის განმავლობაში ქართული მხარე ევროპელ სტუმრებს ყველა კითხვაზე ამომწურავ ინფორმაციას აწვდიდა. ზოგადი კონტექსტის გარდა, ევროპის საბჭოს დელეგაციას დეტალურად მოუწია ინფორმაციის მიღება არა მხოლოდ, არჩევნებზე, არამედ უშუალოდ პრეზიდენტის სასახლეზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის შესახებაც.

ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებზე დასმულ კითხვებს, მეორე დღეა ევროპის საბჭოს მომხსენებლები არ პასუხობენ. დელეგაცია, რომელიც საქართველოში ვითარების მონიტორინგს ახორციელებს, ამ თემაზე დუმილის რეჟიმშია.

PACE-ს დელეგაციის დუმილის ახსნას დღეს საპარლამენტო ოპოზიცია შეეცადა. გიორგი გახარიას გუნდის წევრების თქმით, თავის მხრივ, მათ ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს განუმარტეს, თუ რატომ დაარღვიეს პარლამენტის ბოიკოტი და რატომ მიიჩნევენ, რომ 4 ოქტომბრის მოვლენები შეცდომა იყო. ბოლო დროს მიღებულ ახალ საკანონმდებლო ცვლილებებზე გააკეთეს აქცენტი "ევროპელი სოციალისტების" წარმომადგენლებმა. "ხალხის ძალის" წევრების განცხადებით კი, შეხვედრაზე დელეგაციის წევრებს ის წუხილები გააცნეს, რაც 4 ოქტომბრის მოვლენების არ დაგმობის გამო ქართულ საზოგადოებაში გაჩნდა.

ევროპის საბჭოს დელეგაციის წევრები დღის ბოლოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შეხვდნენ. ევროპასთან ინტეგრაციისა და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეების განცხადებით კონსტრუქციული საუბრის შედეგად იმედს იტოვებენ, რომ საბოლოო ანგარიშში დელეგაცია "ქართული ოცნების" ხელისუფლების პოზიციებს სამართლიანად ასახავს. სამართლიანობის პრინციპის დაცვაზე იქნება დამოკიდებული საქართველოს დელეგაციის მუშაობის გაგრძელებაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში.

PACE-ს დელეგაცია თბილისში პოლიტიკურ აქტორებთან შეხვედრებს მეორე დღეა მარტავს. გუშინ პარტიების გარდა ისინი "ენჯეო" სექტორის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ.

დღის ამბები