"სფერო ჰოლდინგის" დამფუძნებლის საქმეზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს. გივი წულეისკირი დაკავებულია. საქმე ეხება მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მოტყუებით დაუფლების ფაქტს, ამავე საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო "სფერო ინვესტის" დირექტორის, გიორგი მურუსიძის წინააღმდეგაც.
გამოძიების ინფორმაციით, წულეისკირმა და მურუსიძემ სამასამდე მოქალაქეს ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე ჩაარიცხინეს დიდი ოდენობის თანხები, თავად კი არ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულებები და 12 მილიონამდე ლარს მოტყუებით დაეუფლნენ. დანაშაული 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
"ვეძებდი ბინას გირით და საერთოდ არც იშოვებოდა არსად გირით ბინები, მხოლოდ "სფერო ინვესტს" ჰქონდა ყველა გვერდზე განთავსებული. 1 წელი ნორმალურად წარიმართა... ისიც იმიტომ, რომ თანხა მივეცი და ეგრევე გადაიხადეს 1 წლის თანხა და შემდეგ, მეორე წელს, ვეღარ გადაიხადეს. [საუბარია] 18 000 დოლარზე... ეს თანხა ჩემმა მშობლებმა მომცეს, ჩემი შეგროვებულიც იყო ნაწილი. დოკუმენტები ითვალისწინებდა, რომ ნებისმიერ დროს შემეძლო დამებრუნებინა ეს თანხა. თუ გადავწყვეტდი ხელშეკრულების გაუქმებას, შემეძლო დამებრუნებინა თანხა, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ბინით უზრუნველყოფილი ვყოფილიყავი. ვაპირებდი ხელშეკრულების გაგრძელებასაც, მთლიანი თანხის დაბრუნება არ მინდოდა, მაგრამ ვერ განვითარდა მოვლენები კარგად. ეს თანხები სად წავიდა არ ვიცი, მათი თქმით, ინვესტიციას მოხმარდა ეს თანხები, აშენდა ბინები და ბინების გაყიდვის შედეგად ჩვენ უნდა დავეკმაყოფილებინეთ", - აცხადებს დაზარალებული მაკა მოხევიშვილი.
ავტორი: ნანა გოგატაძე