"სფერო ჰოლდინგის" დამფუძნებლის საქმეზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს. გივი წულეისკირი დაკავებულია. საქმე ეხება მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მოტყუებით დაუფლების ფაქტს, ამავე საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო "სფერო ინვესტის" დირექტორის, გიორგი მურუსიძის წინააღმდეგაც.
გამოძიების ინფორმაციით, წულეისკირმა და მურუსიძემ სამასამდე მოქალაქეს ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე ჩაარიცხინეს დიდი ოდენობის თანხები, თავად კი არ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულებები და 12 მილიონამდე ლარს მოტყუებით დაეუფლნენ. დანაშაული 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
"არ აღიარებს იმიტომ, რომ ის პასუხისმგებლობას არ გაურბის, რომ დაზარალებულები უნდა დააკმაყოფილოს, მან და მეორე პიროვნებამ - გიორგი მურუსიძემ, და ცდილობდა, რომ მოეზიდა რამე თანხები, ემზადებოდა ამისთვის, რომ ეს თანხები ნელ-ნელა გადაეხადა დაზარალებულებისთვის. ის მხოლოდ ითხოვდა გარკვეულ დროს და ხელშეწყობას, რადგან აქვთ უძრავი ქონებები, რომლებსაც ადევს ყადაღები, რომ შესძლებოდა ამ უძრავი ქონებების თუნდაც რეალიზაციით, პირდაპირი წესით დაზარალებულებზე გადაფორმების გზით მათ დაკმაყოფილებას. აუცილებლად დავაყენებთ გირაოს შუამდგომლობას. ჯერჯერობით, შეთანხმებული ოჯახთან თანხა არ მაქვს", - აცხადებს გივი წულეისკირის ადვოკატი ნონა ფილაური.
დაცვის მხარე ამბობს, რომ "სფერო ჰოლდინგის" დამფუძნებელი წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება, თუმცა თითოეული დაზარალებულის წინაშე ნაკისრ ვალდებულებას არ გაურბის.
"წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება, თუმცა თითოეული მოქალაქის წინაშე ნაკისრ ვალდებულებას არ გაურბის. ის აპირებს, რომ თითოეული დაზარალებულის ინტერესის დაკმაყოფილება მოხდეს, მაგრამ კონკრეტულად რა სახის ხელშეკრულებები იყო, როგორი და ა.შ. ამ დეტალებთან დაკავშირებით ფიზიკურად კომენტარის გაკეთება არ შემიძლია, რადგან საქმეს არ ვიცნობ სრულყოფილად. მისი თავისუფლებაზე ყოფნა გულისხმობს დასაცავ პირს და ასევე სხვა პირებს, რომლებიც პასუხისგებაში არიან მიცემული, ხელს შეუწყობს, რომ დაჩქარდეს ეს ეტაპი და დროულად ისევ და ისევ თითოეულმა დაზარალებულმა შეძლებისდაგვარად მიიღოს ის თანხები, რაც ამ საქმიანობაში ჩადეს მათ", - აცხადებს გიორგი მურუსიძის ადვოკატი გაგი ჩოხელი.
ავტორი: ნანა გოგატაძე