ოქროსფერი, იასამნისფერი, წითელი, ყვითელი ძაფებით ნაქარგი დიდი და პატარა ფიგურები - მზე, ფრინველები, ძველი ქართული ტრადიციული ორნამენტები - ნაყოფიერების არქაულ კულტთან დაკავშირებული სიცოცხლის ხისა და მისი მცველების სიმბოლოები - ყველაფერი, ის, რაც აჭარის უძველეს მითოსურ წარმოდგენებს უკავშირდება, საუკუნეებსა და ტრადიციებთან, წარსულში, გვაბრუნებს...
მაღალმთიან აჭარაში, მთების მწვერვალებთან ახლოს, ჭრელა-ჭრულა ქსოვილებში, ფერად ძაფებსა და შემოდგომის ფერებში ვიკარგებით.
აჭარის მთებში, სოფელ ინწკირვეთში მცხოვრები 100 წელს მიღწეული თამარ შარაშიძე ახლაც ქარგავს. ისე, როგორც თითქმის საუკუნის წინ, როცა ქორწილისთვის ემზადებოდა. ერთი თვით ადრე კი მზითვში წასაღებად ნაირ-ნაირი გადასაფარებლების მოქარგვა დაიწყო. მომავალი დედამთილისა და მამამთილის გასახარებლად კი - წინდების ქსოვა. მაღალმთიან აჭარაში ქალების ეს ტრადიციული ხელსაქმე თურმე გათხოვების შემდეგაც ბევრ რამეს გასაზღვრავდა.
წლების წინ, მთაში მცხოვრები ქალისთვის ქსოვა და ქარგვა ყველაზე გავრცელებული და საპასუხისმგებლო საქმე იყო - მთის ქალების სავალდებულო ხელსაქმე. მაღალმთიან აჭარაში ნაქარგობების მზითვი ყველა ქალს უნდა ჰქონოდა - რაც მეტი და მრავალფეროვანი, მით უფრო ფასობდა პატარძალიც.
ქალებს სამზითვო ქსოვილების ქარგვასა და ხელსაქმეს ბავშვობიდან, დაახლოებით 10 წლის ასაკიდან ასწავლიდნენ. ნაქარგობა მზითვის აუცილებელი ელემენტი იყო. სამზითვოდ ნაქარგ ტილოებს კი ხელნაქნარებს უწოდებდნენ.
თქმულებების სიუჟეტები უთვალავი ფერებით თეთრ მიტკალზე - ყვავილები, ორნამენტები, ფრაშევანგები, ირმები, პერსონაჟები "ვეფხისტყაოსნიდან" - ზამთრის გრძელ ღამეებში, თვეობით რომ იქარგებოდა ხოლმე. ნამუშევრებს ქორწილამდე ერთმანეთს არ უჩვენებდნენ ხოლმე, მერე კი სტუმრებისთვის გამოიფინებოდა. ოჯახის შექმნის შემდეგ, ახალ რძალს სახლში სხვა უამრავი საქმეც ელოდა.
პატარძალს მზითვში მიჰქონდა მრავალფერად მოქარგული კედლის ტილოები, ნაქსოვი ქისები, თავსაკრავები, თავსაბურავები. ამ ნივთებიდან ნაწილი ახალი ოჯახის წევრებისთვის სასაჩუქრედ იყო განკუთვნილი, ნაწილი სახლის სხვადასხვა ოთახის მოსართავად გამოიყენებოდა. განსაკუთრებულად ირთვებოდა პატარძლის საკუთარი ოთახი – "რძლის ოდა", სადაც ახალი წყვილს უნდა ეცხოვრა. თავმომწონე პატარძალს მინიმუმ 20-30 ცალი ნაქარგი მაინც უნდა წაეღო მზითვში.
ნემსიც, ძაფიც და ქსოვილებიც ხელიდან ხელში გადადიოდა, ოჯახები კი ამ ტრადიციას თაობებს უნახავდნენ. როგორც აჭარელი ქალები გვიყვებიან, ხელსაქმის ტრადიცია, თითქმის მივიწყებული იყო და ახლა 20 წლის წინ მივიწყებულ საქმეს ისევ მიუბრუნდნენ. ახალგაზრდებს ეამაყებათ, რომ თავიანთი წინაპრების საქმეს განაგრძობენ. ქარგვასა და ქსოვას ასწავლიან სოფლის სკოლაშიც.
ტრადიციული აჭარული კერძების მომზადებასთან ერთად, ეს იყო ტრადიცია და ხელსაქმე, რომელიც ბავშვობაში დედებისგან ისწავლეს, ახლა კი თავად ასწავლიან შვილებსა და შვილიშვილებს. არ უნდათ, რომ დაიკარგოს და მათი ხელნაქნარებიც უკვალოდ გაქრეს.
აჭარელი მთის ქალების ხელნაქნარები უკვე გაიცნეს მსოფლიოშიც. ცოტა ხნის წინ, სოფელ ინწკირვეთს ფრანგი, იტალიელი და ესპანელი სტუმრები ეწვივნენ. ისინი აჭარაში ქალების ნამუშევრების შესაფასებლად და გასაცნობად ჩავიდნენ. გეგმავენ, რომ ნაქარგები ევროპული მოდის ინდუსტრიისთვის გადააწყონ და თანამედროვე მოთხოვნებს მოარგონ.
აჭარის მთებში, იქ, სადაც ფერდობებსა და ტყეებში ჩაკარგული ფერადი სახლებია, ისევ ქარგავენ და წინდებს ქსოვენ. ეიმედებათ, რომ ქალების ხელით დღემდე შემონახული წარსული და ტრადიციული ხელსაქმე შთამომავლობას კიდევ დიდხანს დარჩება.