05 აგვისტო 2026,   03:36
ვრცლად
მეფე ერეკლე მეორის 305 წლის იუბილე თელავში მასშტაბური სახალხო დღესასწაულით აღნიშნა

თელავი ქალაქის მთავარ დღესასწაულს აღნიშნავს. ერეკლე მეორის 305 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ადგილობრივებმა მეფის სასახლის ტერიტორიაზე შეკრება დილიდან დაიწყეს. საგამოფენო სივრცეებთან და პავილიონებთან ერთად, მოეწყო მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვაც.

მეფე ერეკლეს სასახლის საელჩო დარბაზში, სამეფო ოჯახის მიერ დაარსებული ტრადიცია წელსაც გაგრძელდა. ერეკლე მეორის ორდენი, ისტორიკოს- გიორგი კალანდიას და ტოჩინოშინს- ლევან გორგაძეს გადაეცათ.

სასახლის ტერიტორიაზევე აღევლინა წირვა და მოსახსენიებელი პანაშვიდი. ღონისძიების ფარგლებში, დაჯილდოვდნენ თელავის საპატიო მოქალაქეები. მათ შორისაა - ზაურ გუმაშვილი, რომელსაც ჯილდო თელავის მუნიციპალიტეტის უმაღლეს საგანმანათლებლო სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა.

პატრიოტიზმის, თავდადებისა და გმირობის მაგალითი- ასე აფასებს ერეკლე მეორის ღვაწლს ქვეყნის მთავარსარდალი. საქართველოს პრეზიდენტმა, თელავის მთავარ მოედანზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა. მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, მეფე ერეკლე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული მმართველი და რეფორმატორია.

საქართველოს ისტორიაში ერეკლე მეფის როლზე აკეთებს აქცენტს პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საუკუნეების წინანდელი საფრთხეები არსად გამქრალა, წარსული მაგალითებიდან გამომდინარე კი, საქართველოსთვის პრაგმატული პოლიტიკის შენარჩუნება დღესაც საჭიროა

სადღესასწაულო სივრცეში შემეცნებითი, გასართობი და კულტურული აქტივობები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა. ერეკლეობა თელავში გალა- კონცერტით დასრულდა.

დღის ამბები