გახარიას გუნდის შემდეგ, შეცდომებს უკვე "ლელოც" აღიარებს. ალეკო ელისაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ არჩევნების ბოიკოტი რუსული სპეცოპერაცია იყო. ეს მაშინ, როცა 4 ოქტომბრის არჩევნებს ბოიკოტი ადრე თავადვე გამოუცხადა. საარჩევნო მარათონში დამარცხებიდან 1 თვის შემდეგ კი, ელისაშვილი "ლელოს" წაგებას სხვებს აბრალებს და ჩანერგილებს ოპოზიციის რიგებში ეძებს.
"ნაციონალებისა" და ყოფილი "ნაციონალებისთვის" ალეკო ელისაშვილის ეს განცხადება "ლელოს" სასოწარკვეთილ მდგომარეობაზე მიუთითებს. ბოიკოტში მყოფები ამბობენ, რომ "კოალიცია ძლიერ საქართველოს" ოპოზიციური ფლანგის ღალატი ძვირად დაუჯდა.
ოპოზიციის დაპირისპირება, ურთიერთბრალდებები და შეურაცხყოფა, მმართველი გუნდისთვის იმ სცენარის ნაწილია, რომლითაც ხელისუფლების ოპონენტები ახლა ერთმანეთისგან გამიჯვნას ცდილობენ.
"ლელომდე", ბოიკოტში მყოფ ოპოზიციას გახარიას გუნდი გაემიჯნა, ექსპრემიერის პარტია პირველი იყო, ვინც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება მიიღო,
2024 წელს საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმას კი შეცდომა უწოდა. ეს შეცდომა პარტიამ პოლიტიკური შატალოს დასრულებით და პარლამენტში შესვლით გამოასწორა.
ოპოზიციისგან უპასუხისმგებლო ქმედებები ბევრი ახსოვს მმართველ გუნდს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ რუსული სპეცოპერაცია არა მხოლოდ 4 ოქტომბრის არჩევნების ბოიკოტი, არამედ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების უკანონოდ გამოცხადებაც იყო.
ოპოზიციას საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ სპეცოპერაციის მოწყობაში ადანაშაულებს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძე ბოლო 4 წელში რევოლუციის მოწყობის 5 მცდელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებაში ყველა ოპოზიციურ პარტიას თანაბარი როლი აქვს.
ოპოზიციურ ველზე დაპირისპირება 4 ოქტომბრის არჩევნებამდე დაიწყო, თუმცა ურთიერთბრალდებები არც არჩევნების შემდეგაც წყდება.
ავტორი: ნანა გოგატაძე.