60 წლის სლოვენიელი პოლიტიკოსის საქმიანობასთან დაკავშირებული საეჭვო გარემოებები საერთაშორისო მედიაში დასმული შეკითხვებით გამოიკვეთა. მარტა კოსი, ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, რომელიც ამ თანამდებობას 2024 წლის 1 დეკემბრიდან იკავებს, 12-წლიანი დიპლომატიური და პოლიტიკური კარიერის შემდეგ, სლოვენიაში კომუნისტური ქვეყნების საიდუმლო სამსახურების ჯაშუშობაში ამხილეს.
ყველაფერი 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან იწყება, როდესაც კოსმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. გაჩნდა ლოგიკური კითხვა – ნებაყოფლობით მიიღო ეს გადაწყვეტილება, თუ არსებობდა კომპრომატები, რის გამოც მას უკან დახევა მოუწია.
პარტია "თავისუფლების მოძრაობის" მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტი ჯერ ამტკიცებდა, რომ პრეზიდენტობაზე უარის თქმის მიზეზი პირადი მოტივები იყო, მოგვიანებით კი – სლოვენიაში არსებული შიდაპოლიტიკური ვითარება. თუმცა, ეს არგუმენტები ეჭვქვეშ დადგა მას შემდეგ, რაც მედიასაშუალება "ნოვა 24"-მა გაავრცელა ყოფილი იუგოსლავიის საიდუმლო პოლიტიკური პოლიციის – "უდბას" არქივიდან ამოღებული ოფიციალური დოკუმენტაცია შესაბამისი ნომრებით, სადაც მისი თანამშრომლობა ფიქსირდება. ექსპერტმა იგორ ომერცამ კი, ის საჯაროდ დაადანაშაულა საიდუმლო სამსახურის აგენტობაში.
კოსის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების ფონზე, მედიაში არაერთი პუბლიკაცია გამოჩნდა, სადაც ვკითხულობთ, რომ ამჟამინდელმა ევროკომისარმა საპრეზიდენტო კანდიდატურა პარტია "თავისუფლების მოძრაობის" დამფუძნებლის, რობერტ გოლობის ულტიმატუმის საფუძველზე მოხსნა. არსებული ინფორმაციით, გოლობმა კოსს მოსთხოვა ან თავად გადამდგარიყო და ოფიციალურად ეთქვა, რომ გადაწყვეტილება პირადი მიზეზებით მიიღო, ან პარტიის ხელმძღვანელობას მიაწოდებდა მის შესახებ შემაშფოთებელ ინფორმაციას, რის გამოც დაკარგავდა მხარდაჭერას. იმავე ღამეს კოსმა მართლაც გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ "პირადი მიზეზების და შეცვლილი გარემოებების გამო" ტოვებდა საპრეზიდენტო რბოლას.
მარტა კოსის იუგოსლავიის სპეცსამსახურებთან შესაძლო თანამშრომლობაზე აქტიურად წერდა სლოვენიური მედია. ჟურნალისტების ცნობით, არსებობს დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ ის იუგოსლავიის სპეცსამსახურებს ინფორმაციას აწვდიდა.
ეს საკითხი განსაკუთრებით გამწვავდა 2024 წელს, როცა მარტა კოსი ევროკომისრის კანდიდატად წარადგინეს. მის წინააღმდეგ გამოვიდა სლოვენიის ევროპის სახალხო პარტიის დელეგაცია, რომლის განცხადებითაც, მისი კანდიდატურა მიუღებელია სწორედ ყოფილი იუგოსლავიის საიდუმლო პოლიციასთან კავშირის გამო.
ევროკომისრის მიმართ კითხვები მხოლოდ მისი პოლიტიკური კარიერის პერიოდს არ უკავშირდება. განხილვის საგანი გახდა მისი დიპლომატიური საქმიანობაც შვეიცარიაში – 2017–2020 წლებში, როცა კოსი ელჩის პოზიციას იკავებდა. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან თანამდებობა დატოვა საელჩოს მართვასა და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული განსხვავებული შეხედულებების გამო. მოგვიანებით თავად კოსმაც დაადასტურა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო მისი საქმიანობით დაინტერესდა და ბერნში მდებარე საელჩოში სპეციალური შემოწმება ჩატარდა. ამ ინფორმაციას მაშინ სამინისტრომაც ოფიციალურად დაადასტურა.
მარტა კოსმა კარიერის განმავლობაში არაერთ უმაღლეს თანამდებობას იკავებდა – 2013-2017 წლებში იყო სლოვენიის ელჩი გერმანიაში, 2017-2020 წლებში კი შვეიცარიაში. 2022 წლის აპრილიდან სექტემბრამდე ის პარტია "თავისუფლების მოძრაობის" ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი იყო.
დღეს მარტა კოსი ევროკავშირის გაფართოების საკითხებში კომისრად მუშაობს, თუმცა მისი პოლიტიკური და დიპლომატიური წარსული კვლავ იწვევს კითხვებს როგორც სლოვენიაში, ისე საერთაშორისო მედიაში.