სუბიექტური მიდგომა, რომელიც ევროპელი ბიუროკრატების მიკერძოებულობას კიდევ ერთხელ ადასტურებს – პრემიერ-მინისტრი ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს აკრიტიკებს. დოკუმენტში, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, საუბარია ხელისუფლების მხრიდან არჩევნების არაობიექტურად ჩატარებაზე, ლგბტქ და გამჭვირვალობის კანონებზე, რომლებიც, ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს აფერხებს, ასევე რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლაში სავარაუდო დახმარებაზე.
მთავრობის მეთაურის თქმით, ბრალდებებს არცერთი დამაჯერებელი არგუმენტი არ მოჰყოლია. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ევროკავშირის პოზიცია პარადოქსულია – განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა თავად ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველო სანქციების აღსრულების გამო შეაქეს. პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ 2030 წლისთვის ევროპული ისტებლიშმენტი ფუნდამენტურად შეიცვლება, რაც საქართველოს მიღწევების ობიექტური შეფასების წინაპირობა გახდება.
ევროკომისიის მხრიდან ორმაგი სტანდარტებით მოქმედებაზე საუბრობენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებიც. მათი თქმით, პრეტენზიები პროკურორის დანიშვნის წესთან და სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით აბსურდულია, რასაც საერთაშორისო რეიტინგებიც ადასტურებს.
მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციას არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარუდგენია, მისი წარმომადგენლები ევროკომისიის ანგარიშის ყველა პუნქტს იზიარებენ.
საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით, ევროპელი პოლიტიკოსების ნაწილი და ქართული ოპოზიცია საერთო ლობისტურ სივრცეში მოქმედებენ. მმართველი გუნდის წარმომადგენლები გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ ბრძოლის უკან ე.წ. შავი ფულის შემოდინების შენარჩუნების ინტერესს ხედავენ. მათი თქმით, სასამართლოზე კონტროლისა და არასამთავრობო სექტორის უკონტროლო დაფინანსების მიზანი გარკვეული პოლიტიკური ძალების სურვილია – ქვეყანაში მორჩილი ხელისუფლების ფორმირება.
ევროკომისიამ გაფართოების ანგარიში გუშინ გამოაქვეყნა. კრიტიკულ პუნქტებთან ერთად, დოკუმენტში აღიარებულია, რომ გლობალური გამოწვევების ფონზე საქართველომ შესამჩნევი ეკონომიკური განვითარება შეძლო.