16 აგვისტო 2026,   21:36
ვრცლად
"ბრიუსელის ღირებულებითი უკუსვლა" - ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე 4 ოქტომბრის მოვლენებზე ევროპელი მაღალჩინოსნების მხრიდან დუმილს და ევროკავშირის ელჩის განცხადებას

4 ოქტომბრის მოვლენებიდან 1 თვის შემდეგაც, ევროპელი მაღალჩინოსნების მხრიდან დუმილს, პარლამენტის თავმჯდომარე, ბრიუსელის ღირებულებით უკუსვლას უწოდებს. შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობრივი თავდასხმის დაგმობაზე უარს მიზეზი აქვს.

სახელისუფლებო პარტიის მხრიდან ეს კრიტიკა, ევროკავშირის ელჩის შეფასებას მოჰყვა. ბრიუსელის დუმილის ფონზე, განმარტების გაკეთება თბილისში მყოფ ელჩს მოუწია. პაველ ჰერჩინსკის ჟურნალისტებმა არაერთხელ ჰკითხეს, გმობდა თუ არა პრეზიდენტის რეზიდენციაზე ძალადობრივ შტურმს, რაზეც ელჩმა უპასუხა, რომ ევროკავშირი ნებისმიერი მხრიდან, ნებისმიერ ძალადობას გმობს.

ევროპელი დიპლომატის პოზიცია კლასიკური ორმაგი სტანდარტია პრემიერ-მინისტრისთვის. სახელისუფლებო გუნდის ლიდერების განცხადებით, ტენდენციად იქცა, რომ ევროკავშირი და მისი ელჩები ოპოზიციის რადიკალურ ქმედებებს არ ემიჯნებიან.

ევროკავშირის დამოკიდებულებაში მიკერძოებას ვერ ხედავს ოპოზიცია. "ნაციონალურ მოძრაობაში", რომელიც 4 ოქტომბრის აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, დამხობის გეგმაზე საუბარი არ სურთ და სხვა პარტიების მსგავსად მიაჩნიათ, რომ პაველ ჰერჩინსკიმ არსებულ კითხვებს ამომწურავად უპასუხა.

ორაზროვანი და ბუნდოვანია ევროკავშირის ელჩის პოზიცია საპარლამენტო უმრავლესობისთვის. მმართველ ძალაში აცხადებენ, რომ ჰერჩინსკიმ უნდა დააკონკრეტოს - გმობს და ემიჯნება თუ არა 4 ოქტომბრის დამხობის მცდელობას.

ბრიუსელის მაღალჩინოსნების მხრიდან კრიტიკა მმართველ გუნდს არ უკვირს, თუმცა უკვირთ ის, როგორ ცდილობს ევროპული ბიუროკრატია კონკრეტულ ძალადობაზე პასუხისმგებლობა, არა მათ ორგანიზატორებს, არამედ ხელისუფლებასაც დააკისროს.

დღის ამბები