საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ჩინეთში, სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერის, ლი ციანის მიწვევით იმყოფება. მთავრობის მეთაური მონაწილეობას მიიღებს ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენის გახსნის ცერემონიაში, რომელშიც საქართველომ წელს საპატიო სტუმრის სტატუსით დაიმსახურა.
შანხაიში ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ირაკლი კობახიძის შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერთან.
ირაკლი კობახიძე ჩინეთში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაშიც არიან - საგარეო საქმეთა, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ფინანსთა და ინფრასტრუქტურის მინისტრები, ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი.
"საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ლი ციანის მიწვევით ჩინეთში იმყოფება. დღეს ის შეხვედრას გამართავს პრემიერ-მინისტრთან, იქნება ორმხრივი შეხვედრა. ასევე, მთავრობის წევრებს სოფლის მეურნეობის ადმინისტრაციის მინისტრი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, კოლეგა მინისტრებთან ერთად, ექნებათ საშუალება, გააფორმონ მემორანდუმები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის ავიაცია, ტურიზმი, კულტურა, ხელოვნური ინტელექტი, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, სოფლის მეურნეობა. ასევე, საქართველოს დელეგაცია საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაშიც, რომელზეც 40-მდე ქართული კომპანია არის წარმოდგენილი. ეს ვიზიტი არის უმნიშვნელოვანესი ორმხრივი ურთიერთობისთვის, როგორც იცით, ჩვენ ჩინეთთან გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა გაფორმებული“, - აცხადებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.