პარიზის ცენტრში, Swarovski-ის საიუველირო მაღაზია გაძარცვეს, რის შედეგადაც, ზარალი 200 000 ევროს შეადგენს. მედიის ინფორმაციით, მძარცველებმა მაღაზიაში ღამით შეაღწიეს.
როგორც ფრანგული მედია იუწყება, ძარცვა პარასკევს, 31 ოქტომბერს, დილის 09:00 საათის შემდეგ შეამჩნიეს, როდესაც მაღაზია გაიხსნა. თანამშრომლებს ყველა ვიტრინა დამსხვრეული დახვდათ.
მედია წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მძარცველებმა შესასვლელში საკეტი გატეხეს, შემდეგ სალარო გაჩხრიკეს და გამოფენილი ყველა სამკაული და ძვირადღირებული საათები მოიპარეს.
"მაღაზიას არც გამართული სიგნალიზაცია ჰქონდა და არც ვიდეომეთვალყურეობის სისტემა: შიგნით დამონტაჟებული კამერები ყალბი იყო", - განმარტავს ინფორმატორი.
საქმეზე დაწყებულია გამოძიება.