17 აგვისტო 2026,   02:57
ვრცლად
RSF-ი ბიძინა ივანიშვილს, ილონ მასკთან, ნეთანიაჰუსთან, ორბანთან, ერდოღანთან და ალიევთან ერთად, მედიაპლურალიზმის შემზღუდველად მოიხსენიებს - საქართველოს ხელისუფლებაში მიაჩნიათ, რომ ეს გლობალური ჩრდილოვანი მმართველობის მორიგი დავალებაა

მმართველი გუნდი ორგანიზაციის "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" (RSF) ანგარიშს აკრიტიკებს. საუბარია RSF-ის ბოლო კვლევაზე, რომელშიც "ქართული ოცნების" დამფუძნებელი, ილონ მასკთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან, ვიქტორ ორბანთან და რობერტ ფიცოსთან ერთად, მედიაპლურალიზმის შემზღუდველად არის მოხსენიებული. პარლამენტის სპიკერმა დღეს ორგანიზაციას, 2012 წლის შემდეგ, საქართველოში მედიის თავისუფლების კუთხით გადადგმული ნაბიჯები შეახსენა. თქვა ისიც, რომ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს, როდესაც მედია ტოტალურ კონტროლს ექვემდებარებოდა, RSF-ს ეს არასდროს გაუპროტესტებია, რაც მათ მიკერძოებასა და სავარაუდო დავალების შესრულებაზე მიუთითებს.

ანგარიშს დღეს ვრცელი წერილი მიუძღვნა ზაზა შათირიშვილმა. შათირიშვილი დარწმუნებულია, რომ ორგანიზაცია ე.წ. დიფ სთეითის გავლენის ქვეშაა. მისი აზრით, უცვლელია მოქმედების სტილიც - ყოველგვარი განსხვავებული აზრის დისკრედიტირება.

საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნას ოპოზიციაში იზიარებენ. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში, 2012 წლის შემდეგ, ათობით ახალი მედიასაშუალება გაიხსნა, მაინც ამტკიცებენ, რომ მედიაგარემო გაუარესებულია.

ქართულ ოპოზიციას და RSF-ს საერთო გავლენების ქვეშ მოიაზრებენ საპარლამენტო უმრავლესობაში. კანონმდებლებმა დღეს ორგანიზაციის მიერ წარსულში გამოქვეყნებული რეიტინგებიც გაიხსენეს და მათ არაობიექტურობაზე გააკეთეს აქცენტი. პოლიტიკოსების თქმით, 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით ხელისუფლების ცვლილებს მედიაგარემოს გასაუმჯობესებლად შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებიც მოჰყვა. დღეს კი, საქართველო, ტელევიზიის დაფუძნების სიმარტივით, მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზეა.

RSF-მა პოლიტიკური ლიდერების სია მსოფლიოს პრესის თავისუფლების ყოველწლიური ინდექსის ფარგლებში გამოაქვეყნა.

დღის ამბები