16 აგვისტო 2026,   22:50
ვრცლად
სამი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით, სარჩელი უკვე საკონსტიტუციო სასამართლოშია - უმრავლესობაში აცხადებენ, რომ კონკრეტული პარტიების აკრძალვა პოლიტიკურ ველს გაასუფთავებს

კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ომის პროპაგანდა და შუღლის გაღვივება - ყველა ამ მძიმე დანაშაულს კონსტიტუცია ითვალისწინებს. მმართველი გუნდის სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ კი საკონსტიტუციო სასამართლო ამ დანაშაულებში კონკრეტული პარტიების როლზე იმსჯელებს. გასცდა თუ არა მათი ქმედებები კონსტიტუციას და იყო თუ არა მათი პოლიტიკა ქვეყნის მთავარი ინტერესების წინააღმდეგ მიმართული - ეს ამ ეტაპზე სამმა პარტიამ - "ნაციონალური მოძრაობამ", "ახალმა" და "ლელომ" უნდა ამტკიცოს.

"ნაციონალური მოძრაობისა" და "ლელოსთვის" სარჩელი პოლიტიკურად მოტივირებულია. სავარაუდო გეგმაც ჩამოყალიბებული აქვთ. ამბობენ, რომ საკონსტიტუციო სარჩელს სხვა სამართლებრივ მექანიზმებს დაუპირისპირებენ.

"ქართული ოცნებაში" აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელი სამართლებრივად და პოლიტიკურად გამართულია. შესაბამისად, სასამართლოსგანაც დადებითი გადაწყვეტილების მოლოდინი აქვთ.

ოპოზიციური პარტიებიდან გახარიას გუნდი ერთ-ერთი გამონაკლისია, რომლის აკრძალვაზეც საკონსტიტუციო სასამართლო არ იმსჯელებს. საპარლამენტო ოპოზიციის ამ ნაწილში აცხადებენ, რომ მიზეზი მათი თანმიმდევრულობაა.

აიკრძალება თუ არა "ნაციონალური მოძრაობის", "ლელოსა" და პარტია "ახალის" საქმიანობა? საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება 9 თვის ვადაში უნდა გამოაცხადოს. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ კონკრეტული პარტიების აკრძალვა პოლიტიკურ ველს გაასუფთავებს.

სამი ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს გასული კვირის ბოლოს წარედგინა და ის პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე მომზადდა.

დღის ამბები