ბაზრის კვლევის ელექტრონული მოდულის დანერგვა და ცენტრალიზებული შემსყიდველი ორგანოს შექმნა – სწორედ ამ ინიციატივით გეგმავს საქართველოს მთავრობა კორუფციული რისკების პრევენციას ანტიკორუფციული რეფორმების ფარგლებში. მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ინიციატივა გამორიცხავს არაკანონიერ გარიგებებს შემსყიდველ ორგანიზაციებსა და კომპანიებს შორის.
კანონის მიღების შემდეგ, სატენდერო ბაზრის კვლევაში 40 000 ეკონომიკური ოპერატორი მიიღებს მონაწილეობას. შესყიდვების პროცესში, სახელმწიფოს ექნება ერთიანი მიდგომა და პირობები, რაც მთლიანად გააუმჯობესებს სატენდერო მექანიზმს.
პრემიერ-მინისტრის ინიციატივას მიესალმებიან პარლამენტშიც – დეპუტატები ინოვაციური მიდგომის დანერგვას აუცილებელ ნაბიჯად მიიჩნევენ. საპარლამენტო უმრავლესობის თქმით, ბაზრის კვლევის ციფრული მოდელი მინიმუმამდე დაიყვანს კორუფციის რისკებს და სახელმწიფო შესყიდვები გახდება სრულიად გამჭვირვალე.
ბაზრის კვლევის ელექტრონული მეთოდის დანერგვა და ცენტრალიზებული შემსყიდველი ორგანოს შექმნა უახლოეს მომავალში იგეგმება. ყველა შემსყიდველი კომპანია კანონით იქნება ვალდებული, დაიცვას რეგულაციები.
ინიციატორები მიიჩნევენ, რომ, გამჭვირვალობასა და კორუფციული რისკების შემცირებასთან ერთად, მოდული უზრუნველყოფს სამართლიანი კონკურენციის პირობებსაც.
ავტორი: სანდრო სანაია