ევროპის საბჭოში საქართველოში პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით სასამართლოსთვის მიმართვის ფაქტი დაგმეს. განცხადება გავრცელდა ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის მომხსენებლების – ბერნდ ფორინგერის და სტიუარტ დიკსონის სახელით. გერმანელმა და ბრიტანელმა პოლიტიკოსებმა საქართველოს პარლამენტის წევრები სასამართლოში სარჩელის შეტანის გადაწყვეტილების გამო გააკრიტიკეს, რაც ირაკლი კობახიძის შეფასებით, მიუთითებს, რომ ევრობიუროკრატები საკუთარი ინტერესების გამო ევროპული კონვენციის სტანდარტებსაც არღვევენ.
ევროკავშირის ფუნდამენტური უფლებების ქარტია, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, გაეროს ადამიანის უფლებათა ორგანიზაციის "სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტი", ჰააგის კონფერენცია და "ამერიკის ადამიანის უფლებათა კონვენცია" – საერთაშორისო სამართლის უმაღლესი დონის ყველა ინსტიტუტი ცალსახად აცხადებს, რომ სასამართლოსთვის მიმართვის უფლება არის აბსოლუტური და მისი შეზღუდვა დაუშვებელია. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში კი პირდაპირ წერია ეს პრინციპი.
დემოკრატიის საერთაშორისო პრინციპებს, რაც შავით თეთრზეა განსაზღვრული, ვერ უარყოფენ ვერც თავად ის პარტიები, რომელთა აკრძალვის მოთხოვნასაც ითვალისწინებს სასამართლოსთვის მიმართვა, თუმცა, "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ლელოში" ამტკიცებენ, რომ ევროპის საბჭოს წარმომადგენლების შეშფოთებას იწვევს არა სასამართლოში მიმართვის უფლების გამოყენება, არამედ თავად სარჩელის შინაარსი.
იზიარებს თუ არა ევროპის საბჭო კონგრესის მომხსენებლების პოზიციას და რამდენად სწორია პარლამენტის წევრების გაკრიტიკება ევროპული კონვენციების ერთ-ერთი ძირითადი პრინციპის - სასამართლოსთვის მიმართვის უფლების გამოყენების გამო? ამ კითხვებით "კურიერმა" ევროპის საბჭოსა და მის ხელმძღვანელს მიმართა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.
სახელისუფლებო გუნდი კი მორიგ ზეწოლაზე საუბრობს, რომელიც მათივე თქმით, უპრეცედენტოა, რადგან არღვევს საერთაშორისო ნორმებს.
ევროპის საბჭოს წარმომადგენლების განცხადებას წინ უძღოდა ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის ბიუროს სხდომა, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც ესწრებოდნენ.