გერმანიის მთავრობას 9 დღე დასჭირდა მისივე მოქალაქეების კუთვნილი თანხების საქართველოში გადარიცხვასთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხები გაეცა. ფედერალურ მთავრობისგან ინფორმაცია გერმანიის ყველაზე რეიტინგულმა ოპოზიციურმა პარტიამ მოითხოვა.
"ალტერნატივა გერმანიისთვის" წევრები დაინტერესდნენ ფინანსდება თუ არა საქართველოში მოქმედი ენჯეო სექტორი გერმანიიდან, რა კავშირი აქვს ამ ყველაფერთან დიპლომატიურ წარმომადგენლობას და მონაწილეობდა თუ არა სქემაში საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი. ფედერალური მთავრობის პოზიცია გერმანიის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. გაირკვა, რომ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებს გერმანიის მთავრობა სხვადასხვა პროექტების საშუალებით აფინანსებს ხოლო საელჩო შესყიდვებისა და ანგარიშგების პროცედურებშია ჩართული. ინფორმაცია დადასტურებულია, თუმცა მერცის მთავრობა საიდუმლოდ ტოვებს იმ ქართულ ენჯეოებს, რომლებმაც გერმანიისგან დაფინანსება მიიღეს.
არგუმენტი, რის გამო გერმანიის მთავრობა დაფინანსების მიმღებთა ვინაობას არ ასახელებს პარლამენტის თავმჯდომარისთვის რეალობას აცდენილია. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოში ენჯეო სექტორის გამჭვირვალედ მუშაობას არავინ ზღუდავს და თუ შეკითხვები არსებობს, ამას კონკრეტული მიზეზი აქვს.
დაფინანსების მიმღებთა ვინაობა არ საჯაროვდება, თუმცა გერმანიის მთავრობა იმ თანხას ასახელებს, რაც წლების განმავლობაში საქართველოში მოქმედი ენჯეოებისთვის აქვთ გადარიცხული. 2020 წლიდან 2025 წლის ჩათვლით ფინანსურმა ტრანზაქციამ 2 მილიონ ევროს გადააჭარბა. ყველაზე მეტი კი 2024 წელსაა გაცემული. წლების მიხედვით გაცემული თანხები ასე გამოიყურება: 2020 წელს გადარიცხულია – 360 000-ზე მეტი (360 164) ევრო; 2021 წელს – 400 000-ზე მეტი, 401 368; 2022 წელს – 300 000-მდე 297,899, 2023 წელს – ნახევარ მილიონზე მეტი და 517 937; 2024 წელს – თითქმის მილიონი 831 914 ევრო; 2025 წელი კი – 150580 ევროზე მეტი.
ნახევრად გასაჯაროებულმა პასუხებმა აღმასრულებელ ხელისუფლებაში მეტი კითხვა გააჩინა. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, გერმანიის მთავრობის დამოკიდებულება აჩვენებს, რომ გამჭვირვალობის აუცილებლობა არა მარტო საქართველოს, არამედ სხვა ქვეყნებსაც სჭირდებათ.
დაფინანსების გამჭვირვალობა რომ აუცილებელია, ამას ოპოზიციაც აღიარებს, თუმცა ამბობენ, რომ არის გამონაკლისები, და სწორედ ამიტომ გერმანიის მთავრობის პოზიციაში პრობლემას ვერ ხედავენ.
ოფიციალური ბერლინის დამოკიდებულება "ქართული ოცნებისთვის" დადასტურებაა, რომ მათ არ სურთ ფინანსების გამჭვირვალობა - რაც საქართველოში გამჭვირვალობის კანონის მიღების საფუძველი გახდა.
ბოლო ერთ თვეში ფედერალურ მთავრობას გერმანული ოპოზიციური პარტიიდან შეკითხვები მხოლოდ ქართული ენჯეოების დაფინანსებაზე არ მიუღია. კიდევ ერთი საკითხი რაზეც "ალტერნატივა გერმანიისთვის" მისივე მთავრობისგან პასუხს ელოდება საქართველოში გერმანიის ელჩის საქმიანობაა. ფედერალურ მთავრობაში წერილის გაგზავნიდან რამდენიმე კვირაში დროში დაემთხვა, რომ პეტერ ფიშერი ოფიციალურმა ბერლინმა კონსულტაციისთვის სამშობლოში გაიწვია.