გერმანიის ხელისუფლება თავს იკავებს იმ ენჯეოების დასახელებისგან, რომლებსაც საქართველოში აფინანსებს - მერცის მთავრობა მთავარი ოპონენტის დასმული კითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ საქართველოში პარტნიორი ორგანიზაციების სახელების გამჟღავნება მნიშვნელოვან რისკს უქმნის მათ შემდგომ ფუნქციონირებას, თუმცა ასაჯაროებს ბოლო 5 წლის განმავლობაში ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების მოცულობას.
საუბარია 2 560 000 ევროზე, რომლიდანაც ყველაზე მსხვილი თანხა ენჯეოებმა გასულ წელს მიიღეს. მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ "ალტერნატივა გერმანიისთვის", მთავრობას 9 კითხვით 21 ოქტომბერს მიმართა და დაინტერესდა, ვის, რატომ და რა მიზნით აფინანსებს საქართველოში. გერმანიის მთავრობა ერთი მხრივ ადასტურებს, რომ ქართული ენჯეოების დაფინანსების წყაროა, მეორეს მხრივ თავს არიდებს დეტალებზე საუბარს.
"ქართულ ოცნებაში" გერმანიის მთავრობის დუმილს გაუმჭვირვალობასა და დაბალ სტანდარტს უწოდებენ.
"სადეპუტატო კითხვაზე ინფორმაცია დაუმალა გერმანიის მთავრობამ იმ პარტიის წარმომადგენელს, რომელსაც დღეს გერმანიაში ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს.
აბსოლუტურად გაუგონარი და აღმაშფოთებელია, რის საფუძველზეც უმალავს მთავრობა საკუთარ მაკონტროლებელ ორგანოს ინფორმაციას. მიზეზად მოყვანილია, თითქოს საქართველოში "ენჯეოების" მიმართ არის დევნა და მათ უფრთხილდებიან. ეს არის მხოლოდ საბაბი, იმისათვის, რომ დამალონ რეალური ინფორმაცია.
საარჩევნო წელს, 2024 წელს რეკორდული რაოდენობით თანხა დაიხარჯა გერმანული ბიუჯეტიდან ქართულ "ენჯეოებზე" და რა გააკეთეს ქართველმა "ენჯეოებმა" შარშან არჩევნებისას, ყველამ დავინახეთ. ეს იყო საარჩევნო კამპანიაში პირდაპირი ჩართულობა, საარჩევნო თაღლითობა "ისფედის" და მსგავსი სადამკვირვებლო ე.წ. ორგანიზაციების მხრიდან და არჩევნების შემდეგ რევოლუციის და დამხობის მონაწილეობა და პარლამენტზე შტურმი.
საქართველოში აღმოჩნდა, რომ გერმანიის მთავრობამ შარშან დახარჯა რეკორდული რაოდენობის ფული "ენჯეოებზე" და ამას უმალავს ქართველ ხალხს, საქართველოს ხელისუფლებას, გერმანიის პარლამენტს და გერმანიის ხალხს, ვის ფულსაც ის ხარჯავს. განსაცვიფრებელია ის დაბალი სტანდარტი, გაუმჭვირვალობა, რაც ამ წერილით ვიხილეთ", – განაცხადა პაპუაშვილმა.