კონსტიტუციურ სარჩელში 3 პარტია მოხვდა - "ნაციონალური მოძრაობა," "ახალი" და "ლელო." პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პოლიტიკურ ძალებს მტკიცებულებებით დადასტურებული ანტიკონსტიტუციური მიზნები აერთიანებთ. მათი ხელმძღვანელი პირები, სხვადასხვა პარტიულ თუ პოლიტიკურ თანამდებობებზე, საერთო დღის წესრიგით პოზიციონირებდნენ, საფრთხეს უქმნიდნენ კონსტიტუციურ წყობილებას და ჰქონდათ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გავლენა - განსხვავებით იმ პარტიებისგან, რომელთაც აკრძალვის მოთხოვნა არ შეეხოთ. შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ სარჩელი არ გავრცელდება პარტიებთან დაკავშირებულ კონკრეტულ პირებზე, რადგან აკრძალული პარტიების პერსონალური შემადგენლობის არაკონსტიტუციური პოლიტიკური საქმიანობის აღკვეთას კანონმდებლობაში მემკვიდრე პარტიის ინსტიტუტი უზრუნველყოფს.
გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლო 9 თვის ვადაში მიიღებს, თუმცა პარტიები უკვე ეძებენ წინააღმდეგობის გზებს. "ნაციონალურ მოძრაობაშიც" და "ახალშიც" აცხადებენ, რომ პოლიტიკურ ბრძოლას განაგრძობენ. არ გამორიცხავენ, არც სამართლებრივ დავას.
საქმიანობის აკრძალვა არ შეეხებათ საკრებულოებში "ლელოს" მანდატით შესულ 59 წევრს. სარჩელი საერთოდ არ ვრცელდება გახარიას პარტიაზე.
კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მცდელობები, ადამიანის უფლებების ხელყოფა, არჩევნების არაღიარება, საბოტაჟი და ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფაში უცხოური ძალის ხელშეწყობა - სარჩელი სამართლებრივად, საგამოძიებო დასკვნასთან ერთად, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ამ ქმედებებს ეფუძნება. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ფაქტებით დასტურდება, რომ კონკრეტული პარტიები წლების განმავლობაში ეწეოდნენ კონსტიტუციის 23-ე მუხლით დაუშვებელ საქმიანობას. შალვა პაპუაშვილი ევროსასამართლოს იმ გადაწყვეტილებებზეც მიუთითებს, რომელიც სახელმწიფოს ავალდებულებს, აღკვეთოს დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველი რისკი.
ე.წ. კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობის" საქმიანობის სამართლებრივი შეფასება და მათი არაკონსტიტუციურად გამოცხადება მმართველი პარტიის მთავარი საარჩევნო დაპირება იყო, რაზეც 2024 წლის არჩევნებამდე აქტიურად საუბრობდნენ "ქართული ოცნების" ლიდერები. ყოფილი სახელისუფლებო პარტიის გასამართლებას საზოგადოებას პირადად ბიძინა ივანიშვილი დაჰპირდა.
საკონსტიტუციო სასამართლო დამატებით იმსჯელებს ისეთ შემთხვევებზე, თუ აკრძალულ პარტიასთან დაკავშირებული პირი ეცდება ახალი პარტიის შექმნას ან არსებულ პარტიასთან გაერთიანებას. სანამ პროცესები თბილისიდან ბათუმში გადაინაცვლებს, საკონსტიტუციო სარჩელმა პარლამენტში ტექნიკური პროცედურები უნდა გაიაროს.