გიორგი გახარიას პარტიის წევრები სამსახურს სამშაბათიდან აღარ გააცდენენ. ექსპრემიერის გუნდის 12 დეპუტატის პოლიტიკური შატალო ხვალ სრულდება და სასესიო დარბაზში ოპოზიციის სკამები ცარიელი აღარ იქნება. პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს კიდევ ერთხელ თქვა, რომ ბოიკოტში მყოფების საკანონმდებლო ორგანოში დაბრუნებით, პოლიტიკური რეალობა არ შეიცვლება.
გახარიას გუნდში ამბობენ, რომ პარლამენტის ლეგიტიმაციას არ აღიარებენ, თუმცა საპარლამენტო საქმიანობაში აქტიურად ჩართვისთვის ემზადებიან. პარტია "საქართველოსთვის" წევრები ერთ დროს მიღებულ პრინციპულ გადაწყვეტილებას, ახლა შეცდომას უწოდებენ და ხვალიდან საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენებას აანონსებენ.
საპარლამენტო ტრიბუნამდე ჯერ არ მისულან, თუმცა ერთი დეპუტატი უკვე დაკარგეს. გახარიას გუნდის წევრობასა და მანდატზე უარი რუსუდან თევზაძემ თქვა.
პარლამენტში შესვლამდე, პარლამენტის წევრის დაკარგვა, "ქართული ოცნებისთვის" გახარიას გუნდის პოლიტიკურ რესურსზე მიუთითებს.
ბოიკოტზე უარის თქმა, ბრძოლის ღალატია ოპოზიციისთვის. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ გახარიას გუნდმა უნდა ახსნას, შეცვლილი პოზიციის უკან ფინანსური სარგებელი დგას თუ 4 ოქტომბერს განცდილი მარცხი.
პარლამენტს ლეგიტიმაციას არა ოპოზიცია, არამედ ქართველი ხალხი აძლევს - სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ გახარიას პარტიის წევრების პარლამენტში შესვლით საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას არც არაფერი მოემატება და არც დააკლდება.
ოპოზიციიდან გახარიას გუნდი ერთ-ერთი იყო, ვინც მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა, თუმცა სია არ ჩახსნა, საკანონმდებლო ორგანომ გაცდენების საფუძველზე სიის პირველ 12 წევრს სადეპუტატო უფლებამოსილება რამდენიმე თვის წინ შეუწყვიტა. ხვალ პარლამენტში მათი ადგილმონაცვლეები შევლენ.
ავტორი: ნანა გოგატაძე