14 აგვისტო 2026,   07:34
ვრცლად
რკინის მუზარადი და ჯაჭვის პერანგი, გადამწვარი სასახლის ნაშთები და მოზარდის ნეშტი - უნიკალური აღმოჩენები რუსთავის ციხე-სიმაგრის საუკუნოვანი ისტორიის ახალი გვერდია

რკინის მუზარადი და ჯაჭვის პერანგი, გადამწვარი სასახლის ნაშთები და მოზარდის ნეშტი - უნიკალური აღმოჩენები რუსთავის ციხე-სიმაგრის საუკუნოვანი ისტორიის ახალი გვერდია. ექსპერტების შეფასებით, აღმოჩენილ არტეფაქტებს უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო დატვირთვა აქვს. რუსთავის სასახლის მუზარადი და ჯაჭვის პერანგი ამ ეპოქის საბრძოლო დანიშნულების არტეფაქტებს შორის, ამიერკავკასიაში ერთადერთია.

ქალაქის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ექსპედიცია, მიზნად ციხის ტერიტორიაზე აღმოჩენილი სასახლის არქეოლოგიურ შესწავლას ისახავს. კვლევის პროცესში სპეციალისტების გარდა, მოხალისეები და სტუდენტებიც მონაწილეობენ. აღმოჩენების ეპიცენტრი სასახლის მეექვსე ოთახია, სადაც ამჟამად ინტენსიური გათხრები მიმდინარეობს.

ისტორიული წყაროების მიხედვით, რუსთავი ქართველთა წინაპრის - ქართლოსის ცოლმა ააგო. ახალი წელთაღრიცხვით, მეოთხე საუკუნიდან კი საუფლისწულო ქალაქია. სწორედ ამ დროს ციხის პირველი, ქვით ნაგები ზღუდე და შუა საუკუნეების სასახლეები აშენდა. სიძველის გამო, სპეციალისტები მას ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო საკვლევ არეალად მიიჩნევენ. არქეოლოგიური გათხრები პირველად, 1959 წელს დაიწყო. გასული საუკუნიდან დღემდე, ციხის ტერიტორიას ექსპერტები არაერთხელ დაუბრუნდნენ.

რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ, მიმდინარე არქეოლოგიური ექსპედიცია რუსთავის მერის ინიციატივით, 2025 წლის ზაფხულში დაიწყო.

ექსპედიციის პირველი ეტაპი ნოემბერში დასრულდება.

კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში კი, ციხე-სიმაგრის და სასახლის კონსერვაცია-რესტავრაციის კონცეფცია უკვე განიხილება.

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი. 

დღის ამბები