"გლობალური ვაჭრობის განახლება" - ეს პირველი პანელი იყო, სადაც დისკუსია საგარეო საქმეთა მინისტრებისა და სხვადასხვა ქვეყნების მთავრობის წარმომადგენლების დონეზე გაიმართა. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ღია ეკონომიკა, დაბალი გადასახადები და კორუფციის დაბალი დონე, ქვეყანაში ინვესტორებისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის. გლობალური ვაჭრობის კონტექსტში კი, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის კუთხით საქართველოს მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს.
"გლობალური ვაჭრობის განახლების" შესახებ გამართულ დისკუსიაში თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც მონაწილეობდა. რაშიდ მერედოვის განცხადებით, საქართველო მნიშვნელოვანი საერთაშორისო ჰაბია და თურქმენეთისთვის მას გამორჩეული პოტენციალი აქვს.
დელეგატებს შორის არაერთი ქვეყნის მთავრობის წარმომადგენელი და ევროპელი პოლიტიკოსია. დისკუსიის დროს მათი მხრიდან აქცენტიც პოლიტიკურ ჭრილში გაკეთდა და ყურადღება რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფაზე გამახვილდა. არაერთხელ აღინიშნა, რომ ეკონომიკური წინსვლის მიღწევა მშვიდობის გარეშე შეუძლებელია, საქართველოს კი, ამ მხრივ განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რადგან ის ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი ხიდის ფუნქციას ითავსებს.
სტრატეგიული პროექტების განვითარებასა და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა ეკონომიკის მინისტრმა. მარიამ ქვრიშვილმა პანელურ დისკუსიაში - "შუა დერეფანი - საიმედოობიდან ეფექტურობამდე" მიიღო მონაწილეობა. მთავრობის წევრის განცხადებით, შუა დერეფნის ფორმატში მომუშავე სახელმწიფოები, ჯანსაღი კონკურენციის პირობებში საკუთარი ქვეყნების შესაძლებლობების გაზრდას მაქსიმალურად ცდილობენ.
თანამშრომლობისა და კოორდინირებულად მუშაობის აუცილებლობაზე ისაუბრა მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა. იზაბელ ნეტოს თქმით, როდესაც მსჯელობა სავაჭრო, ენერგეტიკულ, ციფრულ და სატრანსპორტო კორიდორებზეა, მიზანი ეკონომიკური განვითარების გაფართოება უნდა იყოს.
აბრეშუმის გზის ფორუმი სამომავლო პარტნიორებთან ურთიერთობების დასამყარებლად დელეგატების ნაწილისთვის კარგი საშუალებაა.
ფორუმში მონაწილეები აცხადებენ, რომ არაერთი მიმართულებით ახალ წყაროებთან კომუნიკაცია მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.
აბრეშუმის გზის ფორუმის პირველ დღეს 7 თემატური პანელი გაიმართა, მათ შორის, დისკუსია შედგა "ციფრულ ტრანსფორმაციასა" და "ენერგეტიკულ გზაჯვარედინებზე".