14 აგვისტო 2026,   03:02
ვრცლად
"ინვესტიცია კავშირებში, ზრდა სტაბილურობაში" - აბრეშუმის გზის ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად გახსნა

პლატფორმა, რომელიც უკვე გახდა რეგიონული და გლობალური თანამშრომლობის ეფექტური ინსტრუმენტი, სადაც იდეები რეალურ პროექტებად გარდაიქმნება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ფორუმი სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად გახსნა.

რეგიონის ქვეყნების მთავრობების მეთაურების თბილისში ყოფნა, ირაკლი კობახიძის განმარტებით, ადასტურებს საერთო ხედვას, რომ ერთობლივი ძალისხმევით რეგიონი მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური შესაძლებლობების სივრცედ იქცეს. "ინვესტიცია კავშირებში, ზრდა სტაბილურობაში" - წლევანდელი ფორუმის ეს სლოგანი, პრემიერის შეფასებით, საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკას ზუსტად ასახავს.

საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს, არსებული კავშირების გათვალისწინებით, დიდი პოტენციალი აქვთ, რომ საკუთარ ქვეყნებში კეთილდღეობა გაზარდონ - ეს ფაქტორი თბილისში მოწვეულმა სტუმრებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს. ნიკოლ ფაშინიანმა გაიხსენა, რომ ორი წლის წინ, სწორედ აბრეშუმის გზის ფორუმიდან დაიწყო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების განხორციელება. აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა კი, ევროპა-აზიის დამაკავშირებელ დერეფანში საქართველოსა და აზერბაიჯანის მზარდი როლი გამოკვეთა.

მისასალმებელი სიტყვების შემდეგ, სამი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა საუბარი პანელური დისკუსიის ფორმატში გააგრძელეს. კოლეგებმა საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტების განხორციელებაზე და რეგიონში მშვიდობის შენარჩუნების ძალისხმევაზე გააკეთეს აქცენტი.

გლობალური გამოწვევების ფონზე, როგორ ახერხებს საქართველო ეკონომიკური ზრდის პროგრესირებადი ტემპის შენარჩუნებას, როგორია ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატი და როგორ პოლიტიკას ატარებს ქვეყანა კაპიტალის მოზიდვის მიზნით? ირაკლი კობახიძემ აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში გამართული კიდევ ერთი პანელურ დისკუსია გახსნა. პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა, რომ საქართველო გლობალურ ეკონომიკაში სანდო პარტნიორის როლის განმტკიცების ერთგული რჩება.

საქართველოს ისტორიაში ყველაზე მოცულობითი ინვესტიციის განმახორციელებელი კომპანიის დამფუძნებელმა და საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, დღეს საინვესტიციო შეთანხმებას და საერთო კომპანიის ჩამოყალიბების შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ხელშეკრულების თანახმად, კომპანია "იგლ ჰილსი" თბილისსა და გონიოში ჯამურად 6.6 მილიარდი დოლარის ღირებულების დეველოპერულ პროექტებს განახორციელებს. შეთანხმების თანახმად, საქართველო, პროექტების პარტნიორად და კომპანიის 33%-იანი წილის თანამესაკუთრედ განისაზღვრა.

დღის ამბები