16 აგვისტო 2026,   23:12
ვრცლად
"ისეთი ბურთი აიღო, თვითონ ესპანელებმა დაუკრეს ტაში" - ვინ არის საქართველოს ნაკრებისა და გიორგი მამარდაშვილის გულშემატკივარი 94 წლის ქალი

94 წლის ანერი გუმბერიძე-ჯაფარიძემ ქართული საზოგადოების ყურადღება, რამდენიმე დღის წინ, საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებების დაპირისპირებისას მიიპყრო. 94 წლის ქალბატონი, ქართველ გულშემატკივრებთან ერთად, თამაშს ესპანეთში ესწრებოდა. ქალბატონ ანერის, მხრებზე საქართველოს დროშა ჰქონდა მოსხმული და ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის მაისური ეცვა.

"დილა მშვიდობისა საქართველოს" სიუჟეტში, ქალბატონმა ანერიმ ისაუბრა, როდის გაიცნო ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი და რატომ უყვარს განსაკუთრებულად ის.

"ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში, ბიჯი ბიჯზე მაქვს შემოვლილი ჩემი საქართველოს ტერიტორია, მაგრამ 2006 წლიდან, ჩემი ქალიშვილის მეშვეობით გავიცანი ესპანეთი. ფეხბურთი ბავშვობიდან მიყვარს. როცა ბავშვი ვიყავი, სოფელში ფეხბურთს ვთამაშობდი, თანატოლები კარებში მაყენებდნენ, რადგან კატასავით ვიჭერდი ბურთებს.

19 წლის იყო გიორგი მამარდაშვილი, როდესაც გავიცანი. ჩემი ქალიშვილი ესპანური ენის თარგმნაში უწევდა დახმარებას. მაშინ სახლში გვესტუმრა, ახალგაზრდა, აშოლტილი ტანის, შავგვრემანი, მორიდებული გამოხედვის გიორგი, რასაც იტყოდა, ნამდვილი, გულიდან წამოსული სიტყვა ჰქონდა, ძალიან შემიყვარდა. როდესაც "ვალენსიას" მეკარე გახდა, ბილეთებს გვიგზავნიდა ხოლმე. როდესაც გიორგის გამოგზავნილი ბილეთით თამაშებს ვესწრებოდი, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ეს 94 წლის ქალი სტადიონზე მე თვითონ ვთამაშობდი. ძალიან მოსიყვარულე ბიჭია.

როდესაც საქართველოს ნაკრების თამაშებს დავესწარი, ორივეჯერ წააგო ნაკრებმა, თუმცა მათი თავგანწირული ბრძოლა არცერთ მაყურებელს არ გამორჩენია. ერთი ისეთი ბურთი აიღო გიორგი მამარდაშვილმა, რომ თვითონ ესპანელებმა დაუკრეს ტაში,"- განაცხადა ანერი გუმბერიძე-ჯაფარიძემ. 

 

დღის ამბები