დედაქალაქი ხვალ რიგით მეხუთე აბრეშუმის გზის ფორუმს უმასპინძლებს. ღონისძიებები 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება. მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დასრულებულია, დღეს ადგილზე ეკონომიკის მინისტრი იმყოფებოდა. ფორუმს წელს 2 000-მდე დელეგატი დაესწრება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნეს სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
"თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გაიხსნება. 22 ოქტომბერს გაიმართება 7 თემატური სესია, სადაც განიხილება ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ციფრული ტექნოლოგიების მიმართულები.
"ფორუმის ფარგლებში, ჩვენ გვაქვს არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი და მაღალი რანგის დისკუსია. აღნიშნული ღონისძიებების ფარგლებში, ჩვენს ქვეყანას ექნება შესაძლებლობა, რომ საერთაშორისო არეალზე ღირსეულად წარადგინოს ის მნიშვნელოვანი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორიც არის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, ახალი საერთაშორისო აეროპორტი, მაგისტრალური გზების მშენებლობა და სხვა ძალიან ბევრი პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას და პოზიციონირების გაძლიერებას შუა დერეფანში," - აღნიშნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა.