17 აგვისტო 2026,   00:00
ვრცლად
"ეს კვლევა ძალიან ხმამაღლაა დაწერილი... ჩვენი მედიაორგანიზაცია არცერთი პოლიტიკური პარტიის ნარატივებთან არ არის თანხვედრაში" - ეკა ვეფხვაძე ISFED-ის კვლევაზე

ISFED-ის მიერ ჩატარებული კვლევა მანიპულაციურია იმ ონლაინ მედიაორგანიზაციებისთვის, რომელთაც აღნიშნული კვლევა ეხება. "კურიერი" რამდენიმე აღნიშნული მედიაორგანიზაციის ხელმძღვანელებს ესაუბრა. მათი შეფასებით, ISFED-ის მიერ ბოლო 6 წელზე ყურადღების გამახვილება შემთხვევითი არაა, რადგან გადარიცხული თანხების რაოდენობა ყოფილიყო ხელოვნურად გაზრდილი.

"მგონი, ეს კვლევა ძალიან ხმამაღლაა დაწერილი. ამას ვიტყოდი მაგ ე.წ. კვლევაზე. არ ვიცი, რატომ უნდა იხელმძღვანელო 6 წლის განმავლობაში, 22 თუ 25 მედიასაშუალების კონტრაქტებიდან შემოსული თანხებით და ასეთი ხმამაღალი სათაურით ისაუბრო. მედიასაშუალებების სარედაქციო პოლიტიკა თურმე თანხვედრაში ყოფილა მმართველი პარტიის ნარატივებთან, ეს კიდევ ცალკე ამბავია.

რაც შეეხება ჩვენს მედიაორგანიზაციას, ჯერ ერთი, არცერთი პოლიტიკური პარტიის ნარატივებთან არ არის თანხვედრაში. მეორე, საინფორმაციო მომსახურების შეთავაზება ჩვენს მედიაორგანიზაციას აქვს ყველა პოლიტიკურ პარტიასთან. ეს თანხა იმდენად მიზერულია ჩვენი მედიაორგანიზაციისთვის, რომ უბრალოდ მეცინება, რაზეა საერთოდ საუბარი. წარმოუდგენელია, თან ISFED-ი რომ აკეთებს ამ ე.წ. კვლევას, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ პარტიული ნარატივების თანხვედრა მუშაობაში, მე მგონია, რომ თავიანთ ორგანიზაციაში რომ მოიკითხონ, ნამდვილად არ იქნება ურიგო," - აღნიშნა "მედიაჰლდინგ სივრცეების" დირექტორმა ეკა ვეფხვაძემ "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას.

ISFED-ის კვლევას ასევე ეხმაურება, მედია კორპორაციის, ბიზნესპარტნიორის ხელმძღვანელი ლევან ბეგლარიშვილი.

"ცოტა ძნელია ამ სტატიისთვის კვლევის დარქმევა, იმიტომ, რომ კვლევა ტარდება შესაბამისი მეთოდოლოგიით. ასევე, ISFED-ს დათვლებთან დაკავშირებით, ცუდი პრაქტიკა აქვს ჩვენს ქვეყანაში. 6-წლიან ჭრილში დაჯამებულად, მთლიანი შემოსავლებისა და სარეკლამო ბიუჯეტის დათვლა არც მიმაჩნია სწორად. არც ის მიმაჩნია სწორად, რომ თანხები კოლოსალურია, თუ 6 წლეს მათემატიკურად დააჯამებ.

რაც შეეხება ჩვენს ორგანიზაციას, უამრავი თანამშრომლობა გვქონია, როგორც ბიზნესის წარმომადგენლებთან, ასევე, პოლიტიკურ პარტიებთან. ამაში გასაკვირს ვერაფერს ვერ ვხედავ. ჩემი აზრით, უამრავი მედიაორგანიზაცია თანამშრომლობს ამ მხრივ, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში აქტიურდება ხოლმე სარეკლამო ბაზარი და ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვერ ვხედავ," - განაცხადა ლევან ბეგლარიშვილმა "კურიერთან" საუბრისას.

დღის ამბები