17 აგვისტო 2026,   09:44
ვრცლად
"პასუხისმგებლობა პირდაპირ ეკისრება ქალბატონ ნინო ლომჯარიას. არაერთხელ მოგვისმენია მისი მხრიდან მსგავსი ტიპის წახალისებები და თუ ვინმეს ახალისებ, პირველ რიგში - წინა ფრონტზე უნდა დადგე შენ" - მარიამ ლაშხი

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ლაშხის განცხადებით, ნინო ლომჯარიას არაერთხელ გაუკეთებია წამახალისებელი განცხადებები და მას სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ამის გამო.

ლაშხის განმარტებით, ლომჯარია ხშირად აკეთებს განცხადებებს, თუმცა წინა ხაზზე არასდროს არის და ახალგაზრდების ხელით სურს შეასრულოს უცხოელი პატრონებისგან მიღებული დავალებები.

"პასუხისმგებლობა პირდაპირ ეკისრება ქალბატონ ნინო ლომჯარიას. არაერთხელ მოგვისმენია მისი მხრიდან მსგავსი ტიპის წახალისებები და თუ ვინმეს ახალისებ, პირველ რიგში წინა ფრონტზე უნდა დადგე შენ. თუმცა, ვხედავთ, რომ ის არაერთხელ გამოსულა მსგავსი განცხადებებით, თვითონ კი თავს აფარებს მის პატრონებს. ბომბების წვიმა, რომელიც ასევე მან უსურვა საქართველოს მოსახლეობას, ალბათ ის გაიქცეოდა მის პატრონებთან. იგივე საქციელია ეს, როდესაც ის მოუწოდებდა გადასულიყვნენ ტროტუარიდან და ჩაეკეტათ გზა და ამას აკეთებდა ტროტუარიდან. ეს არის მათი სახე", - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

ცნობისთვის, დაპირისპირება იყო გუშინ რუსთაველის გამზირზე, სადაც აქციის მონაწილეებმა, სიმცირის მიუხედავად, გზის სავალი ნაწილი მაინც გადაკეტეს. მოძრაობის შეფერხებას კი ადგილზე, მოქალაქეების უკმაყოფილება მოჰყვა. შეკრებილებს გაფრთხილება მისცეს სამართალდამცველებმა და გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადებაც გაავრცელა.

ამის შემდეგ, პარლამენტის წინ საავტომობილო მიმოსვლა აღდგა, თუმცა აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირზე გამოსვლისკენ სოციალური ქსელით ნინო ლომჯარიამ მოუწოდა. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, "ფეისბუკ" გვერდზე, ჯერ პოსტი გამოაქვეყნა, შემდეგ კი - ვიდეო, რასაც აქციის რამდენიმე მონაწილის მხრიდან ისევ გზის გადაკეტვა მოჰყვა.

დღის ამბები