ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა შტატებში მიმდინარე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში, ცენტრალური აზიისა და შუა აღმოსავლეთის ეროვნული ბანკების ხელმძღვანელებისთვის გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.
მთავარი თემა გლობალური ეკონომიკისა და ფინანსური ლანდშაფტის გამოწვევები და მომავლისთვის მზადება იყო. დისკუსია ინგლისის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტისა და ფინანსური სტაბილურობის საბჭოს თავმჯდომარის მოხსენებით გაიხსნა.
მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ცენტრალური აზიისა და შუა აღმოსავლეთის დეპარტამენტის დირექტორმა.
დისკუსიის ფარგლებში სავალუტო ფონდის მხრიდან აღინიშნა, რომ რეგიონის ქვეყნებს შორის საქართველომ და სომხეთმა წარმატებით დანერგეს მონეტარული პოლიტიკის კომუნიკაციის სცენარებზე დაფუძნებული მიდგომა.
"ეს არის ძალიან კარგი პლატფორმა იმისთვის, რომ ფართო რეგიონის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებმა გაცვალონ ერთმანეთში მოსაზრებები, თუ როგორ გავხადოთ ჩვენი პოლიტიკა უფრო ეფექტური, ისეთ გარემოში, როდესაც ძალიან ბევრი რისკია, არაპროგნოზირებადობა მატულობს. საქართველოს ეროვნულ ბანკში დაგვიგროვდა საკმაო გამოცდილება იმისა, რომ სხვადასხვა სცენარი ავაგოთ სამომავლო როგორც ჩვენი მოქმედების, ასევე სხვადასხვა რისკის. ამ დროს, ჩვენ ვანიშნებთ ფინანსურ სექტორს, რომ ეროვნული ბანკი მომზადებულია ნებისმიერი სცენარის განვითარების შემთხვევაში, გაატაროს ყველა ზომა იმისთვის, რომ ფასების სტაბილურობა იყოს უზრუნველყოფილი," - აცხადებს ნათია თურნავა.