მმართველ გუნდში EPDE-ის არაობიექტურობის დასადასტურებლად, მათ მიერ დაქირავებული მკვლევრის ბიოგრაფიას იხსენებენ. ელენე ნიჟარაძეს, რომელიც 2020 წელს „სამართლიან არჩევნებს“ (ისფედს) ხელმძღვანელობდა, თანამდებობიდან წასვლა მაშინ საპარლამენტო არჩევნების პარალელური ხმის დათვლის გაყალბების გამო მოუწია. ნიჟარაძემ პივიტის გაყალბება არ უარყო, ისფედი დატოვა და ახლა ევროპაში, მისი შვილობილი ორგანიზაციის დაკვეთით, 2025 წლის მუნიციპალურ არჩევნებს დააკვირდა. დაწერა, რომ ხელისუფლებამ პროცესისთვის დემოკრატიული იმიჯის შესაქმნელად ყალბი დამკვირვებლები ჩამოიყვანა.
„ევროპულმა პლატფორმამ დემოკრატიული არჩევნებისთვის“ ვრცელი სტატია საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა, რომელშიც ელენე ნიჟარაძის თანაავტორობით, ორგანიზაცია მმართველ ძალას არჩევნებზე არაკვალიფიციური მონიტორების ჩამოყვანაში ადანაშაულებს. მათი მტკიცებით, ასეთი 29 შემთხვევა დაფიქსირდა. მიზანი კი დამკვირვებლების მრავალფეროვნების სიმულაციის შექმნა იყო. რამდენად დამაჯერებელი და სანდოა პივიტის გაყალბების შემდეგ ელენე ნიჟარაძის კვლევა – ამ კითხვაზე პასუხი ოპოზიციას არ აქვს. თუ წლების წინ ნიჟარაძეს და მის ორგანიზაციას არჩევნების ყველაზე ობიექტურ მონიტორებად მიიჩნევდნენ, დღეს ხელისუფლების ოპონენტები მის პერსონაზე საუბარს ერიდებიან და ამბობენ, რომ ისფედის ყოფილი დირექტორის საქმიანობას საერთოდ არ იცნობენ.
„სამართლიანი არჩევნების“ ყოფილი ხელმძღვანელის საქმიანობას, გასული წლების მსგავსად, ნეგატიურად აფასებენ საპარლამენტო უმრავლესობაში. დღეს კი მმართველი გუნდის აზრით, EPDE, რომელიც ისფედის ქოლგის ქვეშ მოქმედებს და იდენტური პერსონების ჩართულობით დემოკრატიული არჩევნების მიზანმიმართულ დისკრედიტირებას ცდილობს. 2025 წლის 4 ოქტომბერს საქართველოში მუნიციპალიტეტთა ორგანოების არჩევნები ჩატარდა. „ქართულმა ოცნებამ“ წარმატებას 64-ვე ოლქში პირველივე ტურში მიაღწია. 2012 წლიდან ეს უკვე მეათე არჩევნები იყო, რომელშიც მმართველმა ძალამ უმრავლესობის ელექტორალური მხარდაჭერა მოიპოვა.