16 აგვისტო 2026,   19:32
ვრცლად
საპროტესტო ნოტა ეუთოს - რატომ დაპატიჟა ფინელმა დიპლომატმა ირაკლი კობახიძე ჰელსინკში და რაში ადანაშაულებს ეუთოს თავმჯდომარეს ხელისუფლება

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული საპროტესტო ნოტა ადრესატებთან გაგზავნილია. ოფიციალურმა თბილისმა ეუთოს სამდივნოსა და ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს დეტალურად განუმარტა მიზეზები, რის გამოც ეუთოს თავმჯდომარის ქმედებები უკმაყოფილებას იწვევს. საგარეო უწყებისთვის მიუღებელია, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ფინელი დიპლომატი საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს და ქვეყნის შიდა საქმეებში ერევა. დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის დარღვევის ფონზე ელინა ვალტონენს ეუთოს თავმჯდომარის მანდატის ბოროტად გამოყენებაშიც ადანაშაულებენ.

ოფიციალური თბილისისთვის საერთაშორისო სამართლის პრინციპებთან შეუთავსებელი, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ანტისამთავრობო აქციაში მონაწილეობაა. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ყველა დიპლომატიურ ინსტრუმენტს გამოიყენებენ და ეუთოს თავმჯდომარის მხრიდან ორგანიზაციის ზოგადი პრინციპების დარღვევაზე საკითხს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებშიც დააყენებენ.

ეუთოს თავმჯდომარისთვის, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მასპინძელი ქვეყნის ხელისუფლების საწინააღმდეგო პროტესტში ჩართვა პრობლემა არაა. ვიდრე ელინა ვალტონენის წინააღმდეგ საპროტესტო ნოტა მომზადდებოდა სოციალურ ქსელ X-ზე ფინელმა დიპლომატმა პოსტი გამოაქვეყნა და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჰელსინკში დემონსტრაციებში მონაწილეობისთვის დაპატიჟა. მანამდე კი, თბილისში გამართულ პროტესტს თავად შეუერთდა. გაირკვა, რომ აქტივისტთა მცირე ჯგუფის მიერ რუსთაველის გამზირის გადაკეტვაში მონაწილეობისთვის ეუთოს თავმჯდომარე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 000 ლარით დააჯარიმა. არადიპლომატიური ქცევის გამო გაუქმდა შეხვედრა პრემიერ-მინისტრთანაც.

ეუთოს თავმჯდომარის მხრიდან არასანქცირებულ აქციაში მონაწილეობის საპასუხოდ, მმართველი ძალის რეაგირებას ოპოზიციისთვის გადაჭარბებულია. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ეუთოს თავმჯდომარის ქმედება, არა კანონსაწინააღმდეგო, არამედ დემოკრატიის მხარდაჭერაა.

ელინა ვალტონენის ქმედებებში პარლამენტის თავმჯდომარე ევროპული ღირებულებების აცდენას ხედავს. "ღამის კურიერის" ეთერში შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ სწორედ საქართველოს სუვერენიტეტის უპატივცემულობა იწვევს ქართულ საზოგადოებაში ევროპელი პოლიტიკოსების და ევროპული ბიუროკრატიის მიმართ იმედგაცრუებას.

ფინეთი, ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა, კიდევ ერთი თვის განმავლობაში იქნება. ამის შემდეგ მას შვეიცარია ჩაანაცვლებს. სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ ელინა ვალტონენი დამოკიდებულება მაგალითი უნდა იყოს სხვა სახელმწიფოებისთვის, თუ როგორ არ უნდა შელახო ეუთოს რეპუტაცია.

დღის ამბები