"ნაციონალური მოძრაობისა" და მასთან დაკავშირებული პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებისთვის საჭირო კანონპროექტებით, შესაძლებელი ხდება აიკრძალოს: კონკრეტული პირების მიერ პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, დაფინანსება, წევრობა ან ხელმძღვანელობა. ასევე, მისი პარტიულ სიაში შეყვანა ან კანდიდატად დასახელება. "ქართული ოცნება" ინიციატივას პოლიტიკური ველის გაჯანსაღების აუცილებლობით ხსნის და განმარტავს, რომ კონკრეტულ პირებს აეკრძალებათ ისეთი თანამდებობის დაკავებაც, რომელიც დაკავშირებულია კონსტიტუციის 23-ე მუხლთან.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მათი პარტნიორები აცხადებენ, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ ინდივიდუალურ ბრძოლას განაგრძობენ, თუმცა იციან, რომ საკონსტიტუციო სარჩელი არა მხოლოდ პარტიებს, არამედ კონკრეტულ პირებსაც შეეხებათ. ცვლილებების მიხედვით, არაკონსტიტუციურად გამოცხადებულ პოლიტიკოსებთან პოლიტიკურ-სამართლებრივი ურთიერთობისგან თავის შეკავება მოუწევთ სხვა პარტიებსაც, რომლებმაც პოლიტიკურ საქმიანობას კანონით ჩამოშორებული პირები საკუთარ რიგებში არ უნდა გააწევრიანონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, რეგისტრაცია ამ პარტიებს თავადაც გაუუქმდებათ.
ოპონენტების საპასუხოდ უმრავლესობა აცხადებს, რომ საკითხს სწორედ სასამართლო გადაწყვეტს - შესაბამისი სარჩელის საფუძველზე, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც აკრძალვა გავრცელდება იმ პირებზეც, ვინც პარტიის წევრი ოფიციალურად არც ყოფილა, თუმცა 2012-მდეც და 2012-ის შემდეგაც ამ პოლიტიკურ ძალასთან კოორდინირებულად მოქმედებდა სახელმწიფოს წინააღმდეგ.
საკანონმდებლო ორგანოში დაწყებულ პროცესს დღეს ახალგაზრდა "იურისტთა ასოციაცია გამოეხმაურა". როგორც საია წერს, ცვლილებათა პაკეტი წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან. "ქართულ ოცნებას" კი საპასუხო არგუმენტად სწორედ საერთაშორისო პრაქტიკა, თავდაცვითი დემოკრატიის პრინციპი და ევროპული კანონების ანალოგია მოჰყავს. ამბობენ, რომ პოლიტიკურად მიკერძოებული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან კრიტიკა ობიექტური ვერ იქნება.
ცვლილებები ერთდროულად 4 კანონში შედის, მათ შორის, "სისხლის სამართლის კოდექსშიც." ჯარიმა დაეკისრება პოლიტიკურ პარტიას, რომელიც არ შეასრულებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და შესაბამის პირს მისცემს პოლიტიკური პარტიის დაფუძნების, ხელმძღვანელობის ან წევრობის უფლებას.