მმართველი პარტია საკუთარი საარჩევნო დაპირების შესრულებას იწყებს - საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე სარჩელი მზად არის, თუმცა "ნაციონალური მოძრაობისა" და მასთან დაკავშირებული პარტიების კონსტიტუციურ დონეზე აკრძალვისთვის მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილება საკმარისი არ არის. აღსრულებას შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა სჭირდება. ცვლილებები პარლამენტში უკვე ინიციირებულია, რომელიც შესაძლებელს ხდის, აიკრძალოს: კონკრეტული პირების მიერ პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, დაფინანსება, წევრობა ან მისი ხელმძღვანელობა.
პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი უახლოეს დღეებში შევა, მისი დაკმაყოფილების შემთხვევაში კი, აკრძალვა გავრცელდება არა 1 ან 2 პარტიაზე, არამედ კონკრეტულ პირებზეც, ვინც 2012-მდეც და 2012-ის შემდეგაც, "ნაციონალურ მოძრაობასთან" კოორდინირებულად მოქმედებდა სახელმწიფოს წინააღმდეგ.
კონკრეტულ პირს ეკრძალება ისეთი თანამდებობის დაკავებაც, რომელიც დაკავშირებულია კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ პარტიასთან. საუბარია ისეთი პარტიის შექმნასა და საქმიანობაზე, რომლის მიზანია კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ომის ან ძალადობის პროპაგანდა, ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური ან სოციალური შუღლის გაღვივება.
ინიციატივის მთავარი ადრესატები აცხადებენ, რომ ბრძოლას განაგრძობენ, თუმცა ჯერ არ იციან, როგორ. იგივე პოზიცია აქვთ ნიკა გვარამიას პარტიაშიც, თუმცა, "ნაციონალური მოძრაობისგან" განსხვავებით, ყოფილი "ნაციონალების" ახალ პარტიაში ამტკიცებენ, რომ ისინი ძირითად მხოლოდ ახალ სახეებს წარმოადგენენ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სწორედ ინდივიდები ქმნიან პარტიებს, რომლებიც ანტისახელმწიფოებრივად ფუნქციონირებენ. შალვა პაპუაშვილი მიუთითებს საერთაშორისო პრაქტიკაზე და ერთგვარ საკანონმდებლო ხარვეზზეც.
საკანონმდებლო პაკეტი ბიუროს სხდომაზე უკვე რეგისტრირებულია. ცვლილებები ერთდროულად 4 კანონში შედის. მათ შორის არის "სისხლის სამართლის კოდექსიც". ჯარიმა დაეკისრება პოლიტიკურ პარტიას, რომელიც არ შეასრულებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და შესაბამის პირს მისცემს პოლიტიკური პარტიის დაფუძნების, ხელმძღვანელობის ან წევრობის უფლებას.