ლევან მაჭავარიანისთვის სახელმწიფოს დამხობისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულების ჯანმრთელობასა და სოციალურ მდგომარეობაზე აპელირება სამარცხვინოა. ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ბრალდებულებს დღეს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ სოციალური სტატუსი ინდულგენცია არ არის და კანონის წინაშე ყველა თანასწორია.
დაკავებულების სასჯელისგან გათავისუფლებას არაერთი ადვოკატი სწორედ მათი დაცვის ქვეშ მყოფების ჯანმრთელობის მდგომარეობით ცდილობს - ნაწილი ფსიქიკურ პრობლემებზე ან ქირურგიულ ოპერაციებზე, ნაწილი კი ბრალდებულის სოციალურ მდგომარეობაზე მიუთითებს. ერთ-ერთია ალექსანდრე გოგოლაძის უფლებადამცველიც.
უფლებადამცველების პოზიციას იზიარებენ ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც 4 ოქტომბრის ძალადობრივი აქციის ავანგარდში იყვნენ.
აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ხელისუფლება 4 ოქტომბრამდე ჯერ კიდევ რამდენიმე კვირით ადრე აფრთხილებდა, რომ ნებისმიერ ძალადობას სახელმწიფო კანონიერ პასუხს გასცემდა. მთავრობის წევრების განცხადებები დღეს დეპუტატებმა გაიხსენეს. თქვეს ისიც, რომ ბრალდებულები ახლა საზოგადოებაში ემპათიის გაჩენას ცდილობენ.
სამართალდამცველებმა, 4 ოქტომბრის შემდეგ, ძალადობრივ აქციაში მონაწილე 46 პირი დააკავეს, მათ შორის არიან აქციის ორგანიზატორებიც. 2 პირი საპატიმროდან გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა, 44-ს კი აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის, სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობისა და სხვისი ნივთის დაზიანების მუხლებით გრძელდება.