პოლიტიკური უტიფრობა და საქართველოსთან მიმართებაში უსამართლო მიდგომის გაგრძელება – ასე შეაფასა "ქართული ოცნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მზია ამაღლობელისთვის პრესის თავისუფლების გმირის წოდების მინიჭება.
გიორგი გრძელიშვილის თქმით, იმ ფონზე, როდესაც ოპოზიციის მიერ ორგანიზებული ხელისუფლების დამხობის მცდელობა არც ერთ ევროპულ ქვეყანას არ დაუგმია, იმ დამნაშავის დაჯილდოება, რომელმაც სამართალდამცავს თავს შეურაცხმყოფლად დაესხა, ქართული საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის დაცინვის მცდელობაა.
მოძალადის გმირად წარმოჩენა და კანონის აღმსრულებელი ხელისუფლების – მოძალადედ – წარმოჩენა, თანამედროვე ლიბერალიზმის სახეცვლილი გამოხატულებაა პარლამენტის თავმჯდომარისთვის. შალვა პაპუაშვილის განმარტებით, დამნაშავე მოძალადეების ყველა ფორმით წახალისება თანამედროვე ლიბერალიზმის კონცეფციის ნაწილია.
პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელი, ექვს ჟურნალისტთან ერთად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, საერთაშორისო პრესის ინსტიტუტის და საერთაშორისო მედიის მხარდაჭერის პარტნიორობით დაწესებული პრესის თავისუფლების გმირის ჯილდოს მფლობელად დასახელდა. საერთაშორისო პრესის ინსტიტუტმა მსჯავრდებულის წერილიც გაავრცელა.
მზია ამაღლობელის დაჯილდოვება მსოფლიო აღიარების ცნობაა მმართველი გუნდის ოპონენტებისთვის.
მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან აქციაზე პირველად ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 2024 წლის 11 იანვარს დააკავეს და ხელწერილით გაანთავისუფლეს. მეორე დღეს კი, მას შემდეგ რაც პოლიციელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ამაღლობელი ისევ დააკავეს.
თავდაპირველად მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ, თუმცა მოგვიანებით ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკავებული ჟურნალისტის ბრალი გადაკვალიფიცირდა და მას "საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ ძალადობის" გამო 2 წლით პატიმრობა მიესაჯა.
სახელმწიფო გუნდში ამბობენ, რომ მზია ამაღლობელმა დანაშაული არა კონკრეტული პოლიციელის, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტის წინააღმდეგ ჩაიდინა. მისი დაჯილდოვება კი გარე ძალების მხრიდან საქართველოში ძალადობისთვის მწვანე შუქის ანთებას ნიშნავს.
მზია ამაღლობელი სასჯელს რუსთავის ქალთა კოლონიაში იხდის.