19 ივნისი 2026,   08:06
ვრცლად
მშვიდობის პირველი დღეები ღაზაში ომის შემდეგ - "ჰამასი" და ისრაელი ტყვეების გაცვლასა და ჯავშანტექნიკის გაყვანაზე შეთანხმდნენ

2-წლიანი სამხედრო დაპირისპირების დასასრულის დასაწყისი ახლო აღმოსავლეთში ასე გამოიყურება. მას შემდეგ, რაც "ჰამასმა" და "ისრაელმა" სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოაწერეს – "ცაჰალმა" ღაზის სექტორიდან ჯავშანტექნიკის გაყვანა დაიწყო.

ომის, მასობრივი შიმშილის, უსახლკაროდ დარჩენისა და დაუსრულებელი ნგრევის შემდეგ – ღაზაში მცხოვრებმა ადგილობრივებმა მშვიდობის დადგომა ასე იზეიმეს. ამბობენ, რომ ამ დღეს ყველაზე მეტად ელოდნენ. თუმცა, მიუხედავად ამისა, შეთანხმებას მაინც ეჭვის თვალით უყურებენ და ბევრი იმედგაცრუების შემდეგ ახლა სიტყვით ნათქვამის – საქმით დამტკიცებას ითხოვენ.

სახალხო ზეიმი იყო ისრაელშიც. თელ-ავივის ქუჩებში "ჰამასის" მიერ დატყვევებული ადამიანების ოჯახის წევრები გამოვიდნენ. მძევლები შეიძლება სახლებში ნებისმიერ დროს დაბრუნდნენ, რადგან მიღწეული შეთანხმება ტყვეების გაცვლასაც ითვალისწინებს. ქუჩაში გამოსულმა მოქალაქეებმა გაფორმებული ზავისთვის მადლობა მთავარ მომლაპარაკებელს, დონალდ ტრამპს გადაუხადეს.

დონალდ ტრამპმა მადლობა ბენიამინ ნეთანიაჰუსგანაც მიიღო. ისრაელის პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახურის ცნობით, კომუნიკაცია ტელეფონით შედგა. მიღწეულ ზავზე ნეთანიაჰუმ სოციალურ ქსელში წერილიც გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ დღეს ისრაელისთვის დიდებული დღეა.

განცხადება ამ ოთახში მიღწეულ შეთანხმებაზე გააკეთა თურქეთის პრეზიდენტმაც. რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა სამშვიდობო პროცესში ოფიციალური ანკარის როლზე და ამერიკის შეერთებული შტატების დამსახურებაზე ისაუბრა.

გაფორმებულ ზავზე საუბრობს მადლობების ადრესატიც. დონალდ ტრამპის განცხადებით, შესაძლოა ის ახლო აღმოსავლეთს უახლოეს დღეებში ესტუმროს.

ომი ახლო აღმოსავლეთში 2023 წლის 7 ოქტომბერს დაიწყო და 60,000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის დაახლოებით 20,000 ბავშვია. სულ მცირე 115,000 ადამიანი იძულებით გადაადგილებული პირი გახდა, ხოლო ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქე – უგზოუკვლოდ დაიკარგა. არაერთი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ კი ღაზაში ახლაც სჯერათ, რომ მშვიდობა ამ ჯერზე მაინც ხანგრძლივი და რეალური იქნება.

დღის ამბები