17 აგვისტო 2026,   01:52
ვრცლად
"ჰექსოგენის" საქმის ახალი მტკიცებულებები - აღმოჩენილია კონსპირაციული სახლი, რომელიც უკრაინიდან საქართველოში ძლიერმოქმედი ასაფეთქებელი მოწყობილობის შემოტანაში ბრალდებულმა რამდენიმე თვის წინ იქირავა

გლდანში, ვლადიმერ ჯანჯღავას ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი სახლი უკრაინის მოქალაქემ რამდენიმე თვის წინ იქირავა. საქართველოში დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერების შემოტანის საქმეზე დაკავებული დენის ჟურავლიოვი ადგილობრივებთან თითქმის არასდროს ჩნდებოდა. სახლის მეპატრონეს უთხრა, რომ უკრაინიდან ომს გამოექცა და საქართველოში აპირებდა ცხოვრებას. უძრავი ქონების მესაკუთრე ამბობს, რომ ჟურავლიოვი ხშირად დადიოდა უცხოეთში, თუმცა კონკრეტულად რას საქმიანობდა არავინ იცის.

უკრაინიდან საქართველოში ძლიერმოქმედი ასაფეთქებელი მოწყობილობის შემოტანაში ბრალდებული უკრაინის მოქალაქე ადვოკატმა დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულა. ინტერესების დამცველი ადასტურებს, რომ ჟურავლოვს ნამდვილად ჰქონდა ნაქირავები გლდანში ბინა. ბრალდებული ამ დრომდე გამოძიებასთან არ თანამშრომლობს და დუმილის უფლებას იყენებს.

დენის ჟურვალიოვისგან განსხვავებით გამოძიებასთან თანამშრომლობს საქმის კიდევ ერთი ფიგურანტი, უკრაინის მოქალაქე მიხაილო სკრუპსკი. სატვირთო ავტომობილის მძღოლი დანაშაულს აღიარებს და ადასტურებს, რომ საქართველოში "ჰექსოგენი" უკრაინის სპეცსამსახურების დავალებით შემოიტანა.

უკრაინა, რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი - ამ მარშრუტით, სატვირთო ავტომობილმა საქართველოს საზღვარი სარფის გამშვები პუნქტის გავლით გადმოკვეთა. გადამზიდი კომპანია “ავა ტრანსის“ კუთვნილ ავტომობილს ოფიციალურად, მცხეთაში მდებარე ლუდის ქარხნისთვის ალუმინის საცობები გადაჰქონდა, თუმცა სპეციალურ სამალავში ინახებოდა ნივთიერება, რომელსაც, აფეთქების შემთხვევაში, უზარმაზარი ზიანის გამოწვევა შეეძლო. ქართველმა სამართალდამცველებმა საშიში ნივთიერება ბათუმის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ დროს ამოიღეს, როდესაც ის სატვირთოს მძღოლს დენის ჟურავლიოვისთვის უნდა გადაეცა.

სატვირთო ავტომანქანის მძღოლი ქართველ გამომძიებელს უყვება,იმასაც რომ ვინც ჰექსოგენი მანქანის ზეთად გაასაღა , უკრაინის სპეცსამსახურის თანამშრომელი - ვლადიმერ სტადნიკია. 7 გვერდიანი ჩვენებით დასტურდება ისიც, რომ ასაფეთქებელი ნივთიერების საბოლოო დანიშნულების ადგილი - თბილისი, ავლაბარი იყო. რა ინფორმაციას ინახავს უკრაინის მოქალაქის, დენის ჟურავლიოვის დროებითი საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული მტკიცებულებები? ამ კითხვას პასუხს უსაფრთხოების სამსახური, სავარაუდოდ მომდევნო დღეებში გასცემს. საქმეში შესაძლოა მალე ახალი გარემოებები გამოიკვეთოს.

დღის ამბები