4 ოქტომბერს მოწოდებებიდან მალევე დაიწყო პროტესტის მხარდამჭერი მოწოდებებიც, პირველი ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო იყო. ამ დროს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი უკვე მიმდინარეობდა. რასა იუკნევიჩიენე კი წერდა, რომ ყველა თბილისს აკვირდებოდა. უცხოელი აქტორების მხრიდან ძალადობრივი მოვლენების პარალელურად გავრცელებული გზავნილების ქრონოლოგია პარლამენტის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ვიდეომასალაში, დეტალურად მიუთითა დრო - თუ როდის დაიწყო რადიკალური პროცესები და რამდენ წუთში დაიწყეს განცხადებების გავრცელება ევროპელმა პოლიტიკოსებმა.
აქტიურობდნენ ბალტიისპირეთის ქვეყნების წარმომადგენლები, ჯიგიმანტას პავილიონისი,ანა ფოტიგა, ამერიკიდან ჯო უილსონი - კარგად ნაცნობ გვარებს შორის იყო მიხაილ როთიც. შინაარსი ყველას ერთი ჰქონდა - მხარს უჭერდნენ ქართველ ხალხს და თავისუფლებისთვის ბრძოლას. ამას წერდა თბილისის ცენტრში განვითარებული მოვლენების ფონზე მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუც. "ზოგიერთმა უცხოელმა ლიდერმა წინდახედულობა ვერ გამოიჩინა და მუხტის გამაღვივებელი გზავნილების გამოქვეყნება წამოიწყო" - ასე გამოეხმაურა შტურმის პარალელურად გაკეთებულ შეფასებებს შალვა პაპუაშვილი.
სპიკერის თქმით, ფაქტები ადასტურებს, რომ 4 ოქტომბრის სახელმწიფო გადატრიალება უცხოეთიდან იყო დაგეგმილი. მისივე განცხადებით, შემსრულებლებმა ინსტრუქტორებს შეუქმნეს პირობები, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა აერიდებინათ.
სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ 4 ოქტომბრის დამხობის გეგმას არაერთი თანამონაწილე ჰყავდა, მათ შორის ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მათი თქმით, ამაზე მიუთითებს არა მხოლოდ ის ოპერატიული მხარდაჭერა, რომელიც უცხოელმა პოლიტიკოსებმა პრეზიდენტის სასახლეზე თავდამსხმელებს აღმოუჩინეს, არამედ მანამდე გაკეთებული არაერთი განცხადებაც. პარტნიორები მხარდაჭერას უცხადებდნენ დემოკრატიულ პროცესს და ზოგადად პროტესტს, და არა კონკრეტულ ძალადობრივ ქმედებებს - ამტკიცებს ოპოზიცია, მიუხედავად იმისა, რომ განცხადებები მათ შტურმის მცდელობის პოსტ ფაქტუმ გაავრცელეს.
"ქართული ოცნების" შეფასებით, უცხოელი პოლიტიკოსები 4 ოქტომბერსვე ცდილობდნენ ხელისუფლების დამხობის მცდელობის გამართლებას, საკუთარი განცხადებებით კი ახალისებდნენ ძალადობას და ექსტრემიზმს. მმართველი გუნდი პარტნიორებისგან, ამ დრომდე ელოდება - როდის დაგმობენ ე.წ. მშვიდობიანი რევოლუციის სახელით, ხელისუფლების ძალადობრივი გზით, დამხობის მცდელობას.