"ქართულმა ოცნებამ" თვითმმართველობის არჩევნები მოიგო - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი ნიკა ობოლაძე. ობოლაძემ ისიც თქვა, რომ ოპოზიციას არც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები მოუგია.
ოპოზიციის შეცდომებზე საუბრობს პარტია "ლელოც", გრიგოლ გეგელიამ "ღამის კურიერში" სტუმრობისას თქვა, რომ პარლამენტის ტრიბუნის გამოყენება შესაძლოა ოპოზიციისთვის სასარგებლო ყოფილიყო.
"ნაციონალურ მოძრაობაში" მათ პოზიციას მშიშარა ადამიანების პოზიციას უწოდებენ.
"რა ავტორიტეტი არის ჩემთვის ნიკა ობოლაძე, რომ მას მივბაძო? საერთოდ არ მაინტერესებს ნიკა ობოლაძე როგორც პიროვნებაც, და მით უმეტეს, ჩემი პარტიის წევრი ახლა არ არის. ეს არის მშიშარა ადამიანების პოზიცია, რომლებიც ცდილობენ, რომ ამ პროცესში რაღაცნაირად თავი გადაირჩინონ. ნებისმიერი ასეთი მცდელობა, იქნება ეს პარლამენტში შესვლა თუ ა.შ. ეს არ მოუტანს ისევ ამ პარტიებს გადარჩენას", - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანა წითლიძე.