რამდენიმე საათში ბრალს წაუყენებენ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 5 პირს. მათი რაოდენობა 23-მდე გაიზარდა, კიდევ 5 ადამიანი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ აიყვანა, მათ შორის არის აქტივისტი ნანა სანდერი.
გამოძიება კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის მოწოდების, სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის და სხვისი ნივთის დაზიანების მუხლებით მიმდინარეობს.
პარალელურად, ერთ საათში, ამავე საქმეზე დაკავებული კიდევ 13 პირიდან 4-ის პროცესი გაიმართება. ოთხივეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. საქალაქო სასამართლო იმსჯელებს მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე.
დიმიტრი ბურდულის ადვოკატის, აიჰან ჰასანლის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი, ჯერჯერობით, წარდგენილი არ აქვს, შესაბამისად, საქმის მასალები არ გადასცემია.
"დაკავებულია 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით. გამოძიება მიმდინარეობს 4 მუხლით. უშუალოდ, რა კვალიფიკაციით და რა ქმედების ჩადენას ედავება ბრალდების მხარე, ჯერ არ ვიცით. ბრალი არ აქვს [წაყენებული]. შესაბამისად, საქმის მასალებზე, ამ ეტაპზე, წვდომა არ გვაქვს, გვექნება ბრალის წაყენების შემდეგ. ახლა მოვინახულებთ და გავარკვევთ დეტალებს", - განაცხადა აიჰან ჰასანლმა.
ერთ-ერთი დაკავებულის უფლებადამცველის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ საპროტესტო აქციაზე მხოლოდ ერთი ქვა ისროლა.
"ამბობს, ერთი ქვა ვისროლეო, მეტი არა. ჯგუფურ ძალადობას რაც შეეხება, ამბობს, არავის ვიცნობო. როგორც მითხრა, ოჯახური მდგომარეობა მძიმე აქვს, ამიტომ მოვითხოვ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს, გარკვეული თანხით, შეფარდებას", - განაცხადა ერთ-ერთი დაკავებულის უფლებადამცველმა.