იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, განახლებული დიზაინის ბიომეტრიული და ბინადრობის ელექტრონული მოწმობების გაცემა უკვე დაიწყო. ახალ დოკუმენტებს ის პირები მიიღებენ, რომლებმაც განაცხადი მიმდინარე წლის 6 ოქტომბრიდან გააკეთეს.
არაერთი დამცავი ნიშანი და ეროვნული სიმბოლოებით დაცული მაღალტექნოლოგიური ახალი თაობის ბიომეტრიული პასპორტი საერთაშორისო სტანდარტებს სრულად შეესაბამება.
ბიომეტრიული პასპორტის თითოეული გვერდი თბილისიდან-სოხუმამდე, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გვამოგზაურებს და ქვეყნის ეროვნულ საგანძურს გვაცნობს. დოკუმენტში კავკასიონის მთების და შავი ზღვის ტალღების გრაფიკული გამოსახულებებია.
ულტრაიისფერ ნათებაზე კი ვახუშტი ბატონიშვილის ხელნაწერის საზედაო ასო ჩანს, რომელშიც დავით აღმაშენებელი გამოსახულია.
მოქალაქეებს, ახალი თაობის დოკუმენტებზე განაცხადის გაკეთება, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, იუსტიციის სახლის ფილიალებსა და მობილურ იუსტიციის სახლებში შეუძლიათ.
ბიომეტრიული პასპორტის გარდა, განახლებული დიზაინით სხვა საიდენტიფიკაციო და სამგზავრო დოკუმენტებიც გაიცემა. პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემა კი 2025 წლის 3 ნოემბრიდან დაიწყება.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი.