4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ 13 პირს და 2 ძებნილს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ. დაკავებულების ნაწილი ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში, ნაწილი კი დიღმის მთავარ სამმართველოში იმყოფება. დაკავებული ადვოკატებმა მოინახულეს.
ერთ-ერთი დაკავებულის, ალექსანდრე გოგოლაძის ადვოკატი, გურანდა ქურდოვანიძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავება მშვიდ ვითარებაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოხდა.
"მოვინახულე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ალექსანდრე გოგოლაძე, რომელმაც განაცხადა, რომ მისი დაკავება, მის საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოხდა ძალიან მშვიდ ვითარებაში, ყოველგვარი ძალადობის გარეშე. გამოიყურება მხნედ და აცხადებს, რომ ის ნამდვილად იქ იმყოფებოდა. იქ სადაც დაფიქსირდა ჩანაწერების მიხედვით, აღმოჩნდა ხალხის მასის მიერ მიყვანილი და ის პირები, რომლებიც მის გარშემო ტრიალებენ, მისთვის უცნობია," - აცხადებს გურანდა ქურდოვანიძე.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში 4 ოქტომბრის დანაშაულებრივ მოვლენებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უკვე იდენტიფიცირებულია დანაშაულში მონაწილე 15 პირი. სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მათგან 13 დააკავეს, 2 პირი კი ამ დრომდე მიმალვაში იმყოფება.
ავტორი: ნანა გოგატაძე