17 აგვისტო 2026,   09:15
ვრცლად
ჯამში, 2 500-ზე მეტ დამკვირვებელსა და მედიაწარმომადგენელს ექნება შესაძლებლობა, დააკვირდეს და გააშუქოს ხვალინდელი არჩევნები - შალვა პაპუაშვილი

ჯამში, 2 500-ზე მეტ დამკვირვებელსა და მედიაწარმომადგენელს ექნება შესაძლებლობა, დააკვირდეს და გააშუქოს ხვალინდელი არჩევნები, - ამის შესახებ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა  "ქართული ოცნების"  გორგასლის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხდა.

მისი თქმით, წინასაარჩევნო გარემო მეტწილად მშვიდი იყო და ყველას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ საარჩევნო კამპანია ეწარმოებინა, თუმცა, ოპოზიციამ შარშანდელის მსგავსად, ამჯობინა, რომ სტუდიებიდან ეწარმოებინათ კამპანია და არა მოქალაქეებთან უშუალო შეხვედრებით.

"ხვალ იმართება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, როგორც იცით, ხვალ, საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 64 მუნიციპალიტეტის მერს, საკრებულოების 2000-ზე მეტ წევრს. ხვალინდელი არჩევნებისთვის უკვე დარეგისტრირებულია 28 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია, 27 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია. 73 მედია არის აკრედიტებული არჩევნებზე დაკვირვებისა და გაშუქების მიზნით - ჯამში, 2500-ზე მეტი დამკვირვებელი, მედია-წარმომადგენელი იქნება, ვისაც ექნება შესაძლებლობა, დააკვირდეს და გააშუქოს ხვალინდელი არჩევნები.

წინასაარჩევნო გარემომ, პრინციპში, ჩვენს თვალწინ ჩაიარა და მეტწილად იყო მშვიდ ვითარებაში. ყველას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ ეწარმოებინა საარჩევნო კამპანია შესაბამისად, ჰქონოდა კომუნიკაცია მოქალაქეებთან და გაეცნოთ საკუთარი გეგმები. ვნახეთ, რომ ტრადიციულად, ოპოზიციამ არ ისარგებლა იმ შესაძლებლობით, რომ რეგიონში ჰქონოდა აქტიური კომუნიკაცია მოქალაქეებთან. "ქართულ ოცნებას" ყოველდღიური კომუნიკაცია ჰქონდა ადგილზე, სოფელ-სოფელ, ყველა ქალაქში, ყველა უბანში, ყველა ოჯახში. ჩვენი კანდიდატები, ჩვენი პარტიის წარმომადგენლები ეკონტაქტებოდნენ ჩვენს მოქალაქეებს, რომ გაეცნოთ ჩვენი გეგმები, მოესმინათ მოქალაქეების მოსაზრებები და ჩვენი საერთო დაკვირვება არის, მათ შორის, ადგილზე, ჩვენი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან, რომ ოპოზიცია რეგიონებში პასიური იყო, თბილისში მეტ-ნაკლებად ვხედავდით აქტივობას, თუმცა, ისევე, როგორც შარშან, ამჯობინეს სტუდიებიდან საარჩევნო კამპანიის წარმოება და არა მოქალაქეებთან უშუალოდ მისვლა და შეხვედრა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

დღის ამბები