19 ივნისი 2026,   03:08
ვრცლად
ოფიციალურმა ლონდონმა "უცხოური გავლენის რეგისტრაციის გამკაცრებული სქემა" აამოქმედა - ბრიტანეთი, ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საქართველოს ხელისუფლებას, ამერიკული "ფარას" ანალოგის მიღების გამო, მწვავედ აკრიტიკებდა

გაერთიანებულ სამეფოს, საქართველოს კრიტიკისთვის საჭირო არგუმენტები მას შემდეგ ამოეწურა, რაც ოფიციალურმა ლონდონმა "უცხოური გავლენის რეგისტრაციის გამკაცრებული სქემა" აამოქმედა. ახალი რეგულაციის თანახმად ბრიტანეთის მთავრობა, უცხო სახელმწიფოების სახელით მოქმედ პირებს, შესაბამის რეგისტრაციას ავალდებულებს, წინააღმდეგ შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი სანქციებით ემუქრება. ბრიტანეთი, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საქართველოს ხელისუფლება ამერიკული ფარას ანალოგის მიღების გამო, მწვავედ გააკრიტიკა, ახლა თავად ამბობს, რომ ქვეყნის შიდა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მიღებული დოკუმენტის მიზანი სახელმწიფოს ფარული უცხოური გავლენებისგან დაცვაა.

გაერთიანებული სამეფო ეროვნული უსაფრთხოების მაღალი რისკის სახელმწიფოებად პირველ რიგში ირანსა და რუსეთს მიიჩნევს, თუმცა სქემა ვრცელდება სხვა ქვეყნების სახელით მოქმედ პირებზეც, ვინც ბრიტანელებზე პოლიტიკურ გავლენას ახდენს. საქართველოს მსგავსად, ბრიტანეთიც ამბობს, რომ ახალი კანონმდებლობით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობას უზრუნველყოფს და სახელმწიფოს მავნე ჩარევისგან დაიცავს - ამის მიუხედავად, ქართულ ოპოზიციურ სპექტრში მაინც ამტკიცებენ, რომ ლონდონსა და თბილისში ამოქმედებული რეგულაციები განსხვავებულ მიზნებს ემსახურება.

რატომ არის ერთი და იგივე კანონი სხვა ქვეყნის შემთხვევაში მისაღები, საქართველოში კი მიუღებელი - "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ხელისუფლების კრიტიკით დაკავებული შიდა და გარე აქტორების მიზანი, ქვეყნის დაზიანება და უცხოური გავლენის გაძლიერებაა. "ქართული ოცნებიდან" დღეს ოპონენტებს და ევროპელ ბიუროკრატებს შეახსენეს, რომ საქართველოს სურვილი დაიცვას მოქალაქეები, ისევე ლეგიტიმურია, როგორც სხვა სახელმწიფოსი, ვინც მის ქვეყანაში უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობას ითხოვს.

ბრიტანეთში ამოქმედებულ რეგულაციებთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვას პრემიერ-მინისტრმა უპასუხა. ირაკლი კობახიძე ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს და ამბობს, რომ ყველა სახელმწიფომ პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს.

"უცხოური გავლენის რეგისტრაციის გამკაცრებული სქემა"" გაერთიანებულ სამეფოში უკვე ამოქმედდა. უცხო სახელმწიფოების სახელით მოქმედ პირებს, ვინც შესაბამის რეგისტრაციას თავს აარიდებს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

დღის ამბები