17 აგვისტო 2026,   06:27
ვრცლად
პრემიერ-მინისტრი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე - რა შედეგებით ბრუნდება ქართული დელეგაცია და რომელ ევროპულ ქვეყნებს სურთ საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება

პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში, ევროპელ ლიდერებთან შეხვედრისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე და ევროკავშირთან სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივაზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ ევროპელ პოლიტიკოსებთან კომუნიკაციისას, დადებითი იმპულსები მიიღო, რადგან არაერთი მაღალი რანგის ლიდერის მხრიდან ურთიერთობის გადახედვის მზაობა გამოითქვა.

სწორედ ევროპულ სტრუქტურებთან თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება ირაკლი კობახიძემ ეუთოსა და ევროსაბჭოს გენერალურ მდივნებთან შეხვედრისას. ქვეყანაში არსებული პოლიტიკური გარემო, 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები და ორმხრივი მზაობა, თანამშრომლობის გაღრმავებისთვის - პირისპირ შეხვედრები სწორედ ამ თემებს მიეძღვნა.

ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მე-7 კონფერენციას ირაკლი კობახიძე, სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად დაესწრო. მთავრობის მეთაურმა მონაწილეობა მიიღო სამიტის გახსნის სესიაში, რომელსაც დანიის პრემიერ-მინისტრმა უმასპინძლა. კონტინენტზე არსებული საფრთხეები და გამოწვევებთან ბრძოლის გზები - ლიდერები კოპენჰაგენში ამ საკითხზე მსჯელობისთვის შეიკრიბნენ. სამიტზე ითქვა, რომ პრობლემების გადასაჭრელად ევროკავშირის გაძლიერება აუცილებელია. ზოგიერთი ლიდერის აზრით, ევროპას საქართველოს მსგავსი წარმატებული ქვეყნების კავშირში გაწევრიანება ჭირდება. სამიტის დაწყებამდე, უნგრეთის პრემიერმა და სერბეთის პრეზიდენტმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს.

პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრმა პანელურ დისკუსიაშიც მიიღო მონაწილეობა და ევროპის ეკონომიკური უსაფრთხოების თემაზე მრგვალი მაგიდის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი და შუა დერეფანში საქართველოს მზარდი როლი - სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ სტრატეგიული მდებარეობა საქართველოს საშუალებას აძლევს სატრანზიტო კარიბჭის ფუნქცია შეასრულოს.

საქართველო ასევე შეუერთდა საფრანგეთის ინიციატივას, ნარკოტიკების წინააღმდეგ ევროპული კოალიციის დაფუძნების შესახებ. დეკლარაციას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მოაწერა. ღონისძიებაზე ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების მკაცრ პოლიტიკაზე. პრემიერმა განმარტა, რომ აუცილებელია მსოფლიო ლიდერების ერთობლივი ძალისხმევა და ევროპული კოალიციის შექმნა ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტს, რომელიც დანიის დედაქალაქში გაიმართა, 47 სახელმწიფოს პირველი პირი და საერთაშორისო ინსტიტუტების ხელმძღვანელები დაესწრნენ. სამიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი დანიის მეფისა და დედოფლის მიერ ორგანიზებულ მიღებას დაესწრო. კოპენჰაგენის სამიტის მონაწილეებმა, პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის გზით, ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების და სტაბილურობის გაძლიერებაზე იმსჯელეს.

დღის ამბები