ყალბი რეალობის შექმნით საზოგადოებაში მუხტის აწევა - ოპოზიციის სქემა "ქართულმა ოცნებამ" გამოააშკარავა. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ოპონენტების მხრიდან დეზინფორმაციული კამპანიის მიზანი საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და ხალხში არარსებული მუხტის აწევაა. ამჯერად საუბარია "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერის მიერ გამოქვეყნებულ "ფეისბუქ" სტატუსზე, სადაც ის ამტკიცებს, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების სია მოიპოვა. ოპოზიციონერი აქტივისტი ტყუილში "ქართულმა ოცნებამ" მალევე ამხილა. რეალურად, "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ძველი სპეც-სია გამოაქვეყნა, რომელზე წვდომაც ცესკოს ოპოზიციონერ წევრებსაც აქვთ.
ოპოზიციის ტყუილის ლუსტრაცია მათ მიერვე გავრცელებული ეს ფოტო გახდა. როგორც ჩანს, ვრცელი სიიდან ერთ ერთ ფოტოზე საარჩევნო უბნის დაფარვა დაავიწყდათ. "ნაციონალების" აქტივისტების ნაწილის ფანტაზია კი იქამდეც მივიდა, რომ საარჩევნო სიაში მყოფი ქალებიც სპეცრაზმელად მოიხსენიეს.
სახელმწიფოს ჩამოშლის ანტისახელმწიფოებრივი გეგმა - ასე ეხმაურება ოპოზიციის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას უმრავლესობის ლიდერი. ირაკლი კირცხალია "ფეისბუქ" სტატუსში წერს, რომ ოპონენტების მიერ გამოქვეყნებულ სიაში, გარდაცვლილი პოლიციელიცაა.
"კურიერი" დღეს სწორედ ამ გარდაცვლილი სამართალდამცველის შვილს ესაუბრა. ნათია უსენაშვილი გვიყვება, რომ მამამისი ნამდვილად სპეცრაზმელი იყო, 2 თვის წინ გარდაიცვალა. იქამდე კი წლების განმავლობაში ქვეყნის ინტერესებს იცავდა.
ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერებისგან ყალბი ინფორმაციის გავრცელება არ უკვირთ მმართველ გუნდში. არჩილ გორდულაძემ დღეს "ფეისბუკ" სტატუსი გამოაქვეყნა, რომელშიც იმ ტყუილებზე საუბრობს, რაც ბოლო პერიოდში ოპოზიციისა და სხვადასხვა მედია საშუალებით გავრცელდა. მათ შორისაა ძველი განცხადებების ახლებად გასაღება, ასევე ირაკლი ნადირაძის "ფეისბუკ" სტატუსი, სადაც ის წერს, რომ 4 ოქტომბრის აქციისთვის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამოქმედო გეგმა მოიპოვა. აქვეყნებს ფოტოებსაც, ერთ-ერთ ფოტოზე საკანონმდებლო ორგანოს ჭიშკარია. ნადირაძე ამტკიცებს, რომ კარს შიდა მხრიდან დამატებითი რკინის ჩამკეტი უკეთდება. რეალურად კი პარლამენტის ჭიშკარი დღეს სხვანაირად გამოიყურება და მას დამატებითი ჩამკეტი, დამატებით რკინის კართან ერთად, წლების წინ გაუკეთდა.
"ფეისბუქ" გვერდებზე გავრცელებულ ინფორმაციასა და რეალურ ფაქტებს შორის არსებული სხვაობის მიუხედავად, ხელისუფლების ოპონენტების ნაწილს მაინც სჯერა, რომ რასაც ამბობენ რეალობაა.
ნაწილისთვის კი "ნაციონალური მოძრაობისა" და მათი მხარდამჭერების დეზინფორმაციული კამპანია უინტერესოა.
მმართველი გუნდისთვის ოპოზიციის მხრიდან, ძალოვანი სტრუქტურების რიგებში მოღალატეების ძიება და ტყუილების გავრცელება მათ დემორალიზებაზე მიუთითებს. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ დაბნეული ოპოზიცია თავს ვეღარც ფეიკებით იმართლებს და შეცდომას შეცდომაზე უშვებს.
ოპოზიციის დეზინფორმაციული კამპანია, მათი რეალური სახის ლუსტრაციაა პრემიერ მინისტრისთვის. ირაკლი კობახიძემ დღეს ოპონენტებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ნებისმიერი სახის სამართალდარღვევას, უმკაცრესი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.
რა მიზანს ემსახურება ოპოზიციისა და მათი აქტივისტების მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელება? "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მიზანი ხალხის მოტყუებასთან ერთად, ქვეყანაში რადიკალური პროცესების განვითარებაა.
ავტორი: ნანა გოგატაძე