ამერიკის მთავრობამ მუშაობა შეწყვიტა. "შათდაუნის" მიზეზი "რესპუბლიკელების" მიერ წარდგენილი საბიუჯეტო კანონპროექტია, რომელსაც "დემოკრატები" არ ეთანხმებიან. ფედერალური მთავრობის დაფინანსების დასამტკიცებლად, საკანონმდებლო ორგანოში 100 სენატორიდან 60-ის თანხმობაა საჭირო, თუმცა აუცილებელი უმრავლესობა არც სამთავრობო და არც ოპოზიციურ ფლანგს არ აქვს.
დემოკრატები ახალი ბიუჯეტის პროექტში კონკრეტული პუნქტის შეტანას ითხოვენ, რომელიც ჯანმრთელობის დაზღვევის სუბსიდირებას გულისხმობს, რასაც რესპუბლიკური პარტია და ტრამპი ეწინააღმდეგება. დემოკრატების შეფასებით კი, ხარჯების შესახებ წარდგენილი კანონპროექტი მოქალაქეებს ჯანდაცვის სერვისებზე წვდომას გაურთულებს.
"რესპუბლიკელები" ოპონენტებს მხრიდან მთავრობის მუშაობის შეფერხების მიზანმიმართულ კამპანიაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ დემოკრატებს გადასახადების გადამხდელების ფული უკანონო იმიგრანტების სამედიცინო სერვისების დაფინანსებისთვის სჭირდებათ. "შათდაუნის" თავიდან აცილების მიზნით დონალდ ტრამპმა დემოკრატებთან შეხვედრა გამართა, თუმცა მოლაპარაკებები უშედეგო აღმოჩნდა.
ოპონენტები ვერც დროებითი ბიუჯეტის კანონპროექტზე შეთანხმდნენ, რაც 21 ნოემბრამდე მთავრობის დაფინანსების გაგრძელებას ითვალისწინებდა.
"შათდაუნი" ყველა საჯარო სამსახურის დახურვას გულისხმობს, გამონაკლისია სასიცოცხლოდ აუცილებელი სერვისების ფუნქციონირება, რომლებიც მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს. ქვეყნის შიგნით და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ფედერალური სამსახურების ასობით ათასი მოხელე კი დღეს სახლში დარჩა. უცნობია ისიც, თუ როდის მიიღებენ დასაქმებულები კუთვნილ ანაზღაურებას.
ავტორი: ლუკა ჩანგელია