ირაკლი კობახიძე დანიაშია - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობს, რომელზე დასასწრებადაც კოპენჰაგენში ევროკავშირის წევრი და პარტნიორი 47 ქვეყნის ლიდერია ჩასული.
ევროპული სახელმწიფოების ლიდერები და საერთაშორისო ინსტიტუტების ხელმძღვანელები, პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის გზით, ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერებაზე იმსჯელებენ. ირაკლი კობახიძე კი მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში, რომლის მთავარი თემაა "ეკონომიკური უსაფრთხოება - ევროპული დამოკიდებულებების შემცირება".
ეკონომიკური უსაფრთხოების გარდა, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე, ევროპის უსაფრთხოებაზეც იმსჯელებენ. განსახილველ საკითხებს შორისაა ჰიბრიდული საფრთხეები და მიგრაცია. საქართველოს პრემიერ-მინისტრი კოპენჰაგენში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა. ამ წუთებში მთავრობის მეთაური, დანიის მეფისა და დედოფლის სახელით, ლიდერებისთვის გამართულ ვახშამს ესწრება.